ახალი ამბები

დასტურდება, რომ ევკალიპტის ხე აუქციონზე ივანიშვილისთვის გაიტანეს

20 აპრილი, 2018 • 4500
დასტურდება, რომ ევკალიპტის ხე აუქციონზე ივანიშვილისთვის გაიტანეს

თუ 14 ოპოზიციური პარტიის მიერ დაფუძნებული ფონდი აუქციონზე შეძენილ 26 მეტრის სიმაღლის ევკალიპტის ხეს  არ გაიტანს ტერიტორიიდან, მას კონტრაქტს გაუუქმებენ, იმის მიუხედავად, რომ მისი საფასური უკვე გადახდილია. ასევე დასტურდება, რომ ევკალიპტის ხე აუქციონზე სწორედ ბიძინა ივანიშვილისთვის გაიტანეს.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 20 აპრილს „ნეტგაზეთს“ წერილობით აცნობა, რომ თუ მყიდველი ვერ უზრუნველყოფს ქონების გატანას განთავსების ადგილიდან, ელექტრონული კონტრაქტი მოიშლება ცალმხრივად:

“ნორმატიული აქტებით დადგენილი ქონების განკარგვის წესები და პირობები (რომელიც ბუნებრივია ეხება ევკალიპტის ჯიშის ხის განკარგვის პროცედურებსაც), აგრეთვე ელექტრონული ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა, რომელსაც ეცნობა და ადასტურებს აუქციონში მონაწილეობის მსურველი ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ითვალისწინების ქონების სავალდებულო გატანას მისი განთავსების ადგილიდან. შესაბამის აუქციონში მონაწილე პრეტენდენტები წინასწარ გახლდნენ ინფორმირებულნი იმის თაობაზე, რომ თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი, სააგენტოს მიერ დადგენილ ძირითად/დამატებით ვადაში ვერ უზრუნველყოფს ქონების გატანას განთავსების ადგილიდან, ელექტრონული კონტრაქტი მოიშლება ცალმხრივად, ავტომატურად, ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების გარეშე”, – აცხადებს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

ევკალიპტის ხე აუქციონზე ოპოზიციურმა პარტიებმა პროტესტის ნიშნად იყიდეს, რათა ამ გზით, როგორც თვითონ ამბობენ, ხელი შეეშალათ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომლის კომპანიები გასული წლიდან მოყოლებული ეზიდებიან ასწლოვან ხეებს აჭარიდან და სხვა რეგიონებიდან და შეკვეთილში რგავენ.

ევკალიპტის ხით, რომელიც 27 მარტს აუქციონზე ოპოზიციური პარტიების მიერ დაფუძნებულმა ფონდმა 2020 ლარად შეიძინა, თავიდანვე შპს „ურეკი რეზიდენსი“ იყო დაინტერესებული. „ურეკი რეზიდენსის“ 100% წილის მფლობელი კი ბერა ივანიშვილია. ამ კომპანიის საკუთრებაშია ის ტერიტორია ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, სადაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მრავალწლოვანი ხეები გადააქვს.

პარტიებმა ევკალიპტის ხისთვის 20 ათასი ლარი ე.წ. ქროუდფანდინგის კამპანიით შეაგროვეს, თუმცა ხის ადგილზე დატოვება შეიძლება მაინც ვერ შეძლონ.

ევკალიპტის ხე აუქციონზე ბიძინა ივანიშვილისთვის გაიტანეს

მომსახურების სააგენტოდან 20 აპრილს მიღებული წერილით ასევე ირკვევა, რომ ევკალიპტის ხე, რომელიც სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] ბალანსზე ირიცხებოდა და განკარგვის მიზნით სააგენტოს უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გადაეცა.

„მწვანე კონცხზე უნივერსიტეტს, ჯამში, დაახლოებით 20,5 ჰექტარ მიწა აქვს სარგებლობაში. რამდენიმე ნაკვეთია და მესაკუთრე სახელმწიფოა. ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ 4,5 ჰექტარის შემოღობვა მოვახერხეთ, რომელსაც უნივერსიტეტი საცდელად იყენებს. არის გზისა და წყალგაყვანილობის სისტემის პრობლემა, რომლის მოგვარებასაც შპს „ურეკი რეზიდენსი“ დაგვპირდა – თუ მივყიდდით იმ ევკალიპტის ხეს, რომელიც სხვა ნაკვეთში მდებარეობს. ჩვენთვის ეს წინადადება მისაღები აღმოჩნდა. ვინაიდან სახელმწიფო ქონების გაყიდვის უფლება არ გვაქვს, საქმის კურსში ჩავაყენეთ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ხე გადაცემულიყო ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის, რომლის საკუთრებაცაა ფაქტობრივად ეს ქონება“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის უფროსმა ედიშერ ჩავლეიშვილმა.

რას გეგმავს ოპოზიცია

აუქციონის პირობების მიხედვით „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ ევკალიპტის ხე ნაკვეთიდან მიმდინარე წლის 4 მაისამდე უნდა გაიტანოს, თუმცა ოპოზიციური პარტიების მის სხვა ადგილას გადარგვას არ გეგმავენ. „დმანისის გადარჩენის ფონდის“ ხელმძღვანელის, თამთა შამათავას განცხადებით, თუ მომსახურების სააგენტოსთან არ მოხერხდა შეთანხმება ხის ადგილზე დატოვების შესახებ, ფონდი აპირებს მიმართოს სასამართლოს, ვინაიდან მისი თქმით, „აუქციონის მოთხოვნა ხის გატანასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება კანონმდებლობას“.

აუქციონზე გაყიდული ევკალიპტის ხე

ამავე თემაზე:

http://batumelebi.netgazeti.ge/news/99596/

მასალების გადაბეჭდვის წესი