ახალი ამბები

Bassiani: 27 მაისს რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება

24 მაისი, 2018 • 2002
Bassiani: 27 მაისს რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება

კლუბ Bassiani-ს დამფუძნებლები აცხადებენ, რომ აქციის ფეისბუკ გვერდის წაშლის მიუხედავად, 27 მაისს რეივ-აქცია (პროტესტი ცეკვით) აუცილებლად გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად და რა ფორმით:

“მიგვაჩნია, რომ აქციის გვერდის წაშლა მხოლოდ გაურკვევლობისა და უნდობლობის დათესვას შეიძლება ემსახურებოდეს და ვფიქრობთ, რომ პირდაპირი დარტყმის მცდელობაა იმ საპროტესტო მუხტზე, რომელმაც ათასობით ადამიანი უკვე გამოიყვანა აქციაზე. ჩვენ ვარკვევთ გვერდის წაშლის მიზეზებს და ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად გაგიზიარებთ. თუმცა, გადავწყვიტეთ, არ მივცეთ ამ აქტის ავტორს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ერთიანობასა და საერთო მიზნებისთვის ბრძოლას საფრთხე დაემუქროს. 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება. თუ რა ფორმით და სად, ამაზე ინფორმაციას შეთანხმებისთანავე გაგიზიარებთ” – ნათქვამია კლუბის ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ 27 მაისს Bassiani-ს დაბრუნების მოთხოვნით აქცია უნდა ჩაეტარებინათ კლუბის მფლობელებსა და მხარდამჭერებს, 40-დე მეტ სხვა დაწესებულებასთან ერთად. თარიღი სიმბოლურია, რადგან სწორედ ამ დღეს ბერლინის საკლუბო სცენაზე არსებული 70-ზე მეტი კლუბი დემონსტრაციითა და მასობრივი რეივით აპირებენ საპროტესტო აქციის გამართვას:

“თბილისის საკლუბო სცენამ, რომელმაც ერთიანობისა და სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი გამოავლინა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ხალხთან ერთად სოციალური ცვლილებების ავანგარდში დგას, იბრძვის სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვისა და თავისუფლებისთვის.
მადლობას ვუხდით 12 და 13 მაისის აქციების მონაწილეებს, ასევე სოლიდარობის აქციის ორგანიზატორებს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა: ბერლინი, ვარშავა, ბელგრადი, მადრიდი, ნიუ-იორკი, ტალინი, პარიზი და ასე შემდეგ” – ვკითხულობთ კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Bassiani მადლობას უხდის ყველას, ვინც კლუბს სოლიდარობა გამოუცხადა 12 მაისს, სპეცოპერაციის შემდეგ ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს კი ჰპირდება, რომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ეცდება მათთვის ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას.


23 მაისს, შსს-მ განაცხადა, რომ კლუბში საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა და კლუბის ტერიტორიაზე Bassiani-ს დამფუძნებლები შეუშვა.

კლუბის მფლობელები იურისტებისა და პოლიციის თანხლებით Bassiani-ს ტერიტორიას 2 საათის განმავლობაში ათვალიერებდნენ. კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი ამბობს, რომ პირველადი დათვალიერებით კლუბში ტექნიკა დაზიანებული არაა, თუმცა უნდა ჩატარდეს ინვენტარიზაცია. კლუბის მფლობელები ვარაუდობენ, რომ Bassiani ფუნქციონირებას ივნისიდან განაახლებს.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ორ კლუბში ,  “გალერისა” და “ბასიანში”,  12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე  დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი