ახალი ამბები

მეზვრიშვილი: კლუბების ადმინისტრაციის მიმართულებით გამოძიება არ დაგვისრულებია

16 მაისი, 2018 • 2939
მეზვრიშვილი: კლუბების ადმინისტრაციის მიმართულებით გამოძიება არ დაგვისრულებია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 12 მაისს თბილისის კლუბებში პოლიციის შესვლისა და ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულების დაკავების შემდეგ გრძელდება გამოძიება კლუბების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

მისივე განცხადებით, უშუალოდ კლუბებში და მიმდებარე ტერიტორიაზეც ნარკოტიკების რეალიზაცია ხდებოდა.

“ყველა გამსაღებელი, რომლის იდენტიფიცირება მოხდა, დაკავებულია, შვიდი დაკავებულია გარეთ, ერთი დაკავებულია კლუბში. ეს არის დაცვის უფროსი. რაც შეეხება ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას, ჩვენ ამ მიმართულებით გამოძიება ჯერ არ დაგვისრულებია. დადგინდება შესაბამისი კონტაქტები, მოპოვებული იქნება მტკიცებულები და თუ ასეთი მტკიცებულებები იქნება, რა თქმა უნდა, შესაბამისი პირების პსუხისმგებლობის საკითხი დადგება… ჩხრეკის დროს ორივე კლუბიდან, 34 ლოკაციიდან ამოვიღეთ ნარკოტიკული საშუალებები, ექსპერტიზა უტარდება ამ ნარკოტიკულ საშუალებებს, როგორც კი სახეობები ცნობილი გახდება, დამატებით ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მივაწოდებთ,”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ეს განცხადება მეზვრიშვილმა დღეს, 15 მაისს, შსს-ში “თეთრი ხმაურის მოძრაობისა” და სხვა ორგანიზაციების წარმოამდგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

შეხვედრა ეხებოდა 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმის მოქმედებებს. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ გახარიას ბოდიში ჰიპოთეტური იყო და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უწყება იმ შემთხვევაში აიღებს, თუ სამართალდამცავების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტს დაუდასტურებენ.

ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ჯერ მათთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, თუ ვინ დაზარალდა სამართალდამცავების ქმედებების შედეგად.

“შეხვედრის მონაწილეებმა დააყენეს საკითხი იმასთან დაკავშირებით, მოხდა თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევა უშუალოდ კლუბების გარეთ სამარალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შორის აზრები გაიყო, თუმცა ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ ამ საკითხებს შევისწავლით, თუმცა ამ ადამიანებსაც ვთხოვეთ, რომ არც ჩვენამდე, არც სახალხო დამცველის წარმომადგენლებამდე რაიმე ტიპის დარღვევის შესახებ ინფორმაცია შემოსული არ არის. თუ ასეთი დაფიქსირდება, მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ ინტენსიურ რეჟიმში სახალხო დამცველის წარმომადგენელთანაც, პროკურატურასთანაც. თუ ისინი განცხადებით მიმართავენ და კონკრეტული ფაქტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ჩვენ მზად ვართ, შესაბამის ორგანოებს ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები და მასალები მივაწოდოთ,”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი