ახალი ამბები

ბერლინის 70-მდე ღამის კლუბი ულტრანაციონალისტების მარშს გააპროტესტებს

21 მაისი, 2018 • 5999
ბერლინის 70-მდე ღამის კლუბი ულტრანაციონალისტების მარშს გააპროტესტებს

70 გერმანული ღამის კლუბი ალტერნატიული დემონსტრაციით გააპროტესტებს ულტრამემარჯვენე პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის”  (AfD) მარშს.

ულტრამემარჯვენე პარტია AfD, ანტიისლამურ მოძრაობასთან ერთად,  27 მაისს ბერლინში მარშის გამართვას გეგმავს. “ალტერნატივა გერმანიისთვის” განცხადებით, მარში ბერლინის ცენტრალური რკინიგზის სადგურის მახლობლად დაიწყება და ბრანდერბურგის კარიბჭესთან დასრულდება. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მარშს უპასუხისმგებლო გერმანელი პოლიტიკოსების საქციელი უწოდა.

გერმანული კლუბების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ქალაქის კლუბური კულტურა იმ ღირებულებებს ეფუძნება, რასაც ნაციონალისტები ეწინააღმდეგებიან.

“ჩვენ ვართ პროგრესულები, უცნაურები, ფემინისტები, ანტირასისტები, ფერადები. ჩვენს საცეკვაო კლუბებში ნებისმიერი წარსულის მქონე ადამიანი ერთიანდება იმის მიუხედავად, რომ თითოეულ მათგანს განსხვავებული სურვილები, იდენტობა და გემოვნება აქვს,”-წერია განცხადებაში.

ღამის კლუბების განცხადებით, ნაციონალისტები ამ ღირებულებების სტიგმატიზაციას ცდილობენ და 27 მაისი ადამიანის უფლებებისა და ღიაობის დღესასწაულად უნდა იქცეს. გერმანული გამოცემა ze.tt წერს, რომ აქციაში ბერლინის ყველა ძირითადი და ცნობილი კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

ღამის კლუბების გარდა ულტრანაციონალისტების მარშს სხვადასხვა ორგანიზაციები, პარტიები და ემიგრანტების მიერ შექმნილი გაერთიანებები უპირისპირდებიან. DW-ის ინფორმაციით, ეს ადამიანები 27 მაისს ერთი ლოზუნგის “შეაჩერე სიძულვილის” ქვეშ გაერთიანდებიან.

გამოცემის თანახმად, “ალტერნატივა გერმანიისთვის” 2013 წელს შეიქმნა და დღესეობით ულტრამემარჯვენე პარტიას ქვეყნის საკანომდებლო ორგანოში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს. AfD-ის განცხადებით, მაისის ბოლოს დაგეგმილ მარშში მონაწილეობას 10 ათასი ადამიანი მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი