ომბუდსმენი: კანონპროექტი შემოქმდებითი თავისუფლების შესაძლო შეზღუდვაზე არაკონსტიტუციურია

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სასამართლოს ენიჭება უფლება განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, არაკონსტიტუციურია.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სისხლის სამართლის დანაშაულად მიჩნევის ინიციატივებისა და „აიისას“ საქმის გათვალისწინებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული ინიციატივების ტენდენცია იკვეთება, რაც უაღრესად სამწუხაროა, აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციაზე, რომლის მიხედვითაც „შემოქმედებით პროცესში  ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია“, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ერთადერთი, სადაც შესაძლებელია ჩარევა, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებაა და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გავრცელება ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს. კონსტიტუციის ახალი რედაქციით უფლების შეზღუდვის უფრო მაღალი სტანდარტი დადგინდა და მიეთითა უფლების მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების მეშვეობით შეზღუდვის შესაძლებლობის შესახებ.

“კანონპროექტი კი ითვალისწინებს შემოქმედებით პროცესში ჩარევისა და შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურის შესაძლებლობას, რაც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით დადგენილ აბსოლუტურ აკრძალვასთან. რაც შეეხება შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას, კონსტიტუცია ადგენს შეზღუდვის ერთადერთ საფუძველს („სხვათა უფლებები“), თუმცა კანონპროექტი უფრო შორს მიდის და ვრცელ ჩამონათვალს გვთავაზობს, რაც ასევე აცდენილია კონსტიტუციურ სტანდარტს”, – წერია ობუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს კანონპროექტი ამ სახით, ტექსტში კი შემდეგი ცვლილებების შეტანაა აუცილებელი:

  1. ნორმიდან ამოიღონ შემოქმედებით პროცესში ჩარევისა და შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურის შესაძლებლობა, როგორც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფი;
  2. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის საფუძველი არ უნდა გასცდეს კონსტიტუციაში მითითებულ „სხვათა უფლებებს“;
  3. კანონმა უნდა მოიცვას „სხვათა უფლებებში“ ნაგულისხმევი საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალი, რათა შესაბამისობაში მოვიდეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დადგენილ სტანდარტებთან. ეს გულისხმობს შემოქმედების თავისუფლების მხოლოდ ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით შეზღუდვის შესაძლებლობას და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს;
  4. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნის განხორციელებისაკენ, კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი;
  5. „კულტურის შესახებ“ კანონში პირდაპირ უნდა აისახოს უფლების შეზღუდვის ტესტი, რისი მაგალითებიც არსებობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი ასახავს მის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს კანონპროექტში და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მყარ შესაძლებლობებს შექმნის.


სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა და კულტურის შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ცენზურა არ წესდება, თუმცა დეპუტატი დაინტერესებულ ადამიანებთან დისკუსიისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გამოხატვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე შეიძლება შეექმნას, არ იზიარებს მისი ერთ-ერთი ავტორი ლევან გოგიჩაიშვილი. დეპუტატი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პირიქით, სტანდარტი ბევრად უფრო მაღლა იწევს, რადგან ამ საკითხზე მსჯელობა, ახალი კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს პრეროგატივა ხდება, მაშინ, როდესაც დღეს ჯერ კიდევ ძალაშია 1997 წელს მიღებული ნორმა, ეს ნებისმიერმა უწყებამ შეიძლება გააკეთოს. მისი თქმით, კანონპროექტი მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და კონსტიტუციაში მიღებული ნორმის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.

ის არ თვლის, რომ ეს არის “მკვდარი ნორმის” გაცოცხლების პროცესი. მიუხედავად ამისა, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, თუ ვინმეს შენიშვნები აქვს ჯერ კიდევ 1997 წელს დამტკიცებულ ჩანაწერთან და არა ახალთან, რადგან აკრძალვის ახალი კრიტერიუმები მას არ დაუწესებია, ის დისკუსიისთვის მზად არის. დეპუტატს ასევე უკვირს, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ იყვნენ ჩუმად უფლებადამცველები ამ ნორმასთან დაკავშირებით, თუ ისინი მასში საფრთხეს ხედავდნენ.

“თუ არსებული ნორმის მიმართ არის პრეტენზია, საუბარია ძველ ნორმაზე, პორნოგრაფია და პროპაგანდა მე ხომ არ დამიწერია, დაინტერესებულ ადამიანებთან, ბუნებრივია, ამ საკითხზე შეიძლება გაიმართოს დისკუსია, ოღონდ ძველ ნორმაზე და არა ახალზე. ახალი ცვლილება არ არის ცენზურა. ეს არის კონსტიტუციური ნორმის გადატანა კანონმდებლობაში. ტექნიკური საკითხია. აჟიოტაჟი, რომ ეს არის ცენზურა და ა.შ. თითიდან გამოწოვილია”, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com