ანტიჰომოფობიური აქცია ვაკის პარკში: “შემოგვიერთდით ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძლაში!”

დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძლის დღესთან დაკაშირებით, ლგბტ პირბემა და აქტივისტებმა თბილისში, ვაკის პარკში, ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალთან აქცია გამართეს. პარლალელურად, მსგავსი ტიპის აქციები დაგეგმილია სხვადასხვა ტერიტორიაზე, თუმცა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ აქციების ჩატარების შესახებ ფართოდ ცნობილი არ იყო.

სამოქალაქო აქტივისტმა, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ხელმძღვანელმა ეკა აღდომელაშვილმა საზოგადოებას ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისკენ მოუწოდა.

“17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. პირველად ამ დღის აღნიშვნა თემის წევრებმა 2011 წელს ვცადეთ, თუმცა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ ოგრანიზებულმა კონტრაქციამ საშუალება არ მოგვცა, დაგვესრულებინა ჩვენი მსვლელობა. 2013 წელს კონტრაქციის ორგანიზება არაფორმალურმა ჯგუფმა კი არა, ეკლესიამ ითავა. შედეგად, დაშავდნენ აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები. 2014 წელს ეკლესიამ 17 მაისი ოჯახის სიწმინდედ გამოაცხადა. ასე გადაიქცა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ჰომოფობიის ზეიმად. პარალელურად, ბოლო წლებში მომძლავრებულმა ჯგუფებმა პირდაპირ, ღიად, დაუფარავად დაიწყეს სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ მოწოდება, სიძულვილის ქადაგება. ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ ამას ეკრანიდან. მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენი გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ პოლიციის კორდონის და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვის შემთხვევაში შეგვიძლია ვისარგებლოთ. ეს არ არის საფრთხე, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვემუქრება და მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, რომ გავერთაინდეთ იმ საფრთხის წინაშე, რასაც ფაშიზმი და სიძულვილის ქადაგება ჰქვია. ჩვენ შემთხვევით არ შეგვირჩევია ეს ადგილი. ჩვენ საღამოს დაგეგმილი მასშტაბური აქციის პარლალელურად, ვგეგმავდით სხვადასხვა აქტივობებს. თუმცა, ამ წუთას, ამ დღეს, არსებული კონტექსტის გათავლისწინებით, ამას სხვა დატვირთვა მიეცა. ისევ და ისევ, ადამიანები ზეიმობენ ძალადობას ქუჩაში, ჩვენ კი ასე პარტიზანული მეთოდით გვიწევს ბძოლა. გავერთიანდეთ ფაშიზმის წინააღმდეგ”, – თქვა ეკა აღდგომელაშვილმა.

ლგბტ ადამიანები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის გამო ვერ ახერხებენ თავისუფლად შეკრებასა და საკუთარ უფლებებზე ხმამაღლა საუბარს. სწორედ ამიტომ, 17 მაისს დაგეგმილი აქცია გაუქმდა, თუმცა აქტივისტთა ამ ჯგუფმა მაინც გადაწყვიტა აქციის ჩატარება მთავრობის კანცელარიის წინ. პარლალელურად, თბილისში დილიდანვე იმართება ნაციონალისტური და ფაშისტური დაჯგუფებების აქციები დისკრიმინაციული ლოზუნგებით.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.