მადლობა უნდა გადავუხადოთ ნებისმიერ მხარეს, რომელმაც ესკალაცია არ დაუშვა – მდინარაძე

პარწლამენტის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველას, ვინც კვირას გამართული ორი აქციის დროს, დაშლის და სახლში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მდინარაძე გულისხმობს როგორც აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” , ისე ნაციონალისტური ჯგუფების წევრებს.

“თქვენთვის პროგრესი არის ყველაზე ლიბერალური ადამიანების მხარდაჭერა და ამით გგონიათ, რომ გადაფარავთ. ჩვენთვის პროგრესი არის როგორც ლიბერალური შეხედულების, ასევე კონსერვატიული შეხედულების, ნებისმიერი დამნაშავისაც კი, უფლებების დაცვა. ერთ-ერთი თქვენი წარმომადგენელი ამბობდა, დარბევას კი არა, დაშლას ვითხოვდითო და ასე “გავაპრავოთ”. კი ბატონო, თუ ვინმე ძალადობდა, სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს, მაგრამ არ უნდა მოვითხოვოთ, რომ დავარბიოთ და დავხოცოთ იქ ის ხალხი.

თუ ამას სახელმწიფომ ადეკვატური პასუხი გასცა, უნდა გადავუხადოთ ძალიან დიდი მადლობა ნებისმიერ პოლიცილელს, მინისტრიდან დაწყებული, რიგით პოლიციელამდე დამთავრებული, და ასევე მადლობა უნდა გადავუხადოთ ნებისმიერ მხარეს მყოფ ადამიანს, რომელმაც შეიგნო მოწოდება, გაითავისა და პასუხისმგებლობა ეყო, რომ წასულიყო სახლში და ესკალაცია არ დაეშვა”- განაცხადა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.


12–13 მაისს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი მართავდა აქციას, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. ისინი აპროტესტებდნენ ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, პოლიციის ქმედებების მიზანი ადამიანთა დაშინება იყო და არა – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად 13 მაისს ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს კონტრაქცია. მათი მოწოდებები ძირითადად ძალადობრივი იყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოებასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ, 14 მაისს, შუაღამისას, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებთან მივიდა, ორგანიზატორებთან საუბრის მერე ბოდიში მოიხადა და ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი 19 მაისამდე შეწყვეტენ პროტესტს და ამ დღეებში ხელისუფლებასთან გამართავენ მოლაპარაკებებს ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით. სწორედ ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული აქციების გაგრძელების საკითხი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com