შსს-ში აქციის ორგანიზატორებისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი გახარიასა და აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” ორგანიზატორების ნაწილის შეხვედრა დაიწყო.

რ2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეთა მხრიდან შეხვედრას ესწრებიან ბექა წიქარიშვილი (თეთრი ხმაურის მოძრაობა), დავით სუბელიანი (თეთრი ხმაურის მოძრაობა), სოფო ვერძეული (EMC), გურო იმნაძე (EMC), ტატო გეთია (თეთრი ხმაურის მოძრაობა, ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი) და სხვა.

შეხვედრის დაწყებამდე ბექა წიქარიშვილმა თქვა, რომ დღეს უნდა შეთანხმდეს მოლაპარაკებების ფორმატი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გაირკვეს წარმომადგენლობის საკითხი, თუ ვინ წარადგენს აქციის მონაწილეებს შეხვედრაზე. შეხვედრაზე მისული კიდევ ერთი ადამიანი, იურისტი გიორგი მახარაძე ამბობს, რომ დღეს საუბარი სწორედ ტექნიკურ დეტალებზე იქნება. ბექა წიქარიშვილის თქმით, აქციების ორგანიზატორი მხოლოდ თეთრი ხმაურის მოძრაობა არ ყოფილა და მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ყველა ორგანიზატორი მხარე ჩაერთოს, არასამთავრობოები, კლუბები და ა.შ.

 


12–13 მაისს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი მართავდა აქციას, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. ისინი აპროტესტებდნენ ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, პოლიციის ქმედებების მიზანი ადამიანთა დაშინება იყო და არა – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად 13 მაისს ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს კონტრაქცია. მათი მოწოდებები ძირითადად ძალადობრივი იყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოებასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ, 14 მაისს, შუაღამისას, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებთან მივიდა, ორგანიზატორებთან საუბრის მერე ბოდიში მოიხადა და ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი 19 მაისამდე შეწყვეტენ პროტესტს და ამ დღეებში ხელისუფლებასთან გამართავენ მოლაპარაკებებს ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით. სწორედ ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული აქციების გაგრძელების საკითხი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com