ახალი ამბები

კლუბური მუსიკა პარლამენტის წინ და პროტესტი ცეკვით (ვიდეო)

12 მაისი, 2018 • 3227
კლუბური მუსიკა პარლამენტის წინ და პროტესტი ცეკვით (ვიდეო)

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სადაც აქცია “ჩვენი თავსიფულებისთვის” მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებმა მუსიკა ჩართეს. მათი განცხადებით, თუ მათ არ აქვთ კლუბში შესვლის უფლება, მაშინ მათთვის საცეკვაო მოედანი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გახდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ელოდებიან.

ისინი თბილისის მერიისგან ბიოტუალეტებისა და ნაგვის ურნების დადგმას მოითხოვენ, რადგან ჯერ დაშლას არ აპირებენ. მათი მთავარი მოთხოვანაა დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა შეიცვალოს, ასევე  12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვონ.

  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებენ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი