ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა არ აქვს. ამის შესახებ კობახიძემ რ2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში სტუმრობისას განაცხადა.

“ეს არის დამოკიდებული… ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახდება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, ის უშუალოდ იქნება პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. ის იქნება პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, უხელმძღვანელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომებს, საბოლოო ჯამში, მასზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. თუმცა ჩემთვის მისი პოზიცია ცნობილია, და რამდენადაც ჩემთვს ცნობილია, მას არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა. ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს. აქედან გამომდინარე შემიძლია ვივარაუდო, რომ კანდიდატი იქნება სხვა და ეს კანდიდატი უახლოეს მომავალში შეირჩევა”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს ზაფხულში დაასახელებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com