საქართველო არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს სარჩელით მიმართავს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველო აპირებს არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიმართოს. მინისტრის თქმითვე, მოპასუხე მხარე საქმეზე რუსეთის ფედერაცია იქნება.

“იუსტიციის სამინისტრომ მთავრობასთან შეთანხმებით ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სარჩელის მომზადება სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა ცხედრის დასაბრუნებლად ცხინვალის რეგიონიდან. ამის შემდეგ ცხედარი გადმოგვცეს, რომელსაც ჩვენ მივაგეთ პატივი, მივაბარეთ მიწას, მაგრამ არ გაჩერებულა სარჩელის მომზადების პროცესი, ჩვენ მას ძალიან მოკლე ვადებში დავასრულებთ, ყველა პროცედურის დაცვით, რომელიც გაზრდის ჩვენს შანსებს როგორც მოსარჩელე მხარისა და, რა თქმა უნდა, ამ საქმეზე მოპასუხე იქნება რუსეთის ფედერაცია”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.


მოკლედ:

22 თებერვალი: საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოსურმა მხარემ დააკავა.

23 თებერვალი: ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა”.

20 მარტი:  ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალმა ქართულ მხარეს წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცა – თითქმის ერთი თვის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული იმიტომ გაკეთდა, რომ მისთვის ექსპერტიზის ჩატარება გართულებულიყო.

21 მარტი: ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდა. როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია” არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ტატუნაშვილის სხეულზე წამების კვალი აღინიშნება.

23 მარტი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილი მოკლულია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com