მოქალაქის მიერ ნაპოვნი ბელები ზოოპარკს გადაეცა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  მოქალაქის მიერ ნაპოვნი დათვის ბელები თბილისის ზოოპარკს მიაბარეს. უწყების თანახმად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ორბელიდან მოქალაქემ შეატყობინა, რომ ტყის პირას დათვის ორი ბელი იპოვა.

“გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 2-3 თვის ასაკის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობის ბელები იპოვეს,”-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბელები არ დაშავებულან და ისინი კარგად გრძნობენ თავს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა მურა დათვის ბელები ცაგერიდან თბილისში ჩამოიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.