ახალი ამბებისამართალი

ნაცვლიშვილი: მემანქანეთა გაფიცვა სასამართლომ ცალმხრივი არგუმენტებით გადადო

3 მაისი, 2018 • 3169
ნაცვლიშვილი: მემანქანეთა გაფიცვა სასამართლომ ცალმხრივი არგუმენტებით გადადო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 1 მაისს საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მეტროს თანამშრომელთა გაფიცვის ერთი თვის ვადით გადადება/შეჩერება მოითხოვა საქართველოს შრომის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, რაც მოსამართლემ 2 მაისს დააკმაყოფილა. უფლებადამცველთა შეფასებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს სვამს გაფიცვის კონსტიტუციურ უფლებასთან დაკავშირებით.

სანამ თბილისის სატრანსპორტო კომპანია სასამართლოს მიმართავდა, თბილისის მერი ირწმუნებოდა, რომ მეტრო გააგრძელებდა მუშაობას და მიწისქვეშა ტრანსპორტის პარალიზების საფრთხე არ არსებობდა, თუმცა, როგორ აპირებდა დედაქალაქის ხელისუფლება ან კომპანია ამას, არ დაუკონკრეტებიათ.

სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, “ერთობა 2013”-ის წევრებს კახა კალაძემ “რამდენიმეკაციანი ჯგუფი” უწოდა, ხოლო მოგვიანებით სატრანსპორტო კომპანიამ სასამართლოსთვის მიმართულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მემანქანეთა გაფიცვა მიწისქვეშა ტრანსპორტის პარალიზებას გამოიწვევს და საფრთხეებს შექმნის დედაქალაქში.

რა კითხვებს აჩენს სასამართლოს გადაწყვეტილება

1. სასამართლომს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოსამართლემ მხოლოდ კომპანიის განცხადების საფუძველზე მიიღო განჩინება, გადაედო გაფიცვის დაწყება. სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსად არის ნახსენები მეტროს თანამშრომლების და პროფკავშირების პოზიცია.

კონსტიტუციონალისტის, ვაკო ნაცვლიშვილის შეფასებით, სასამართლომ ფორმალურადაც კი არ მოისმინა მეორე მხარის პოზიცია:

“სასამართლომ გაიმეორა ის ცალმხრივი დასაბუთება, რაც კომპანიას – დაინტერესებულ მხარეს – ჰქონდა. არ დაგვავიწყდეს, რომ როგორღაც მერიამ წინასწარ იცოდა სასამართლოს განჩინების შინაარსი. სასამართლო არ დაინტერესებულა, ჰქონდა თუ არა მერიას გეგმა იმ შემთხვევაში, თუ უარს ეტყოდა გაფიცვის გადადებაზე.”

2. ვაკო ნაცვლიშვილის განცხადებით, უდავოა გარემოება, რომ მეტროს საქმიანობის შეჩერება მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ქალაქის ცხოვრებაში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საფრთხე, მაგალითად, ადამიანის სიცოცხლეს ექმნება:

“სასამართლო კი ამას ამტკიცებს. სასამართლომ საჭიროდ არ მიიჩნია გამოეკვლია, შეეძლო თუ არა მერიას ისეთი ღონისძიებების გატარება, რაც აღმოფხვრიდა ან შეამცირებდა მეტროს თანამშრომელთა გაფიცვით გამოწვეულ საფრთხეებს, თუ ასეთი არსებობდა.”

3. შრომის კოდექსის მიხედვით,  გაფიცვის გადადება შეიძლება „არაუმეტეს 30 დღით“, რაც არის ზედა ზღვარი. ნაცვლიშვილის თქმით, კანონის მიერ ზედა ზღვრული ვადის დადგენა არ ნიშნავს, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში 30 დღე უნდა გამოიყენოს:

“ეს ჩანაწერი სასამართლოს აკისრებს ვალდებულებას, შეისწავლოს ყველა გარემოება, რომელიც გაფიცვის გადადების საფუძველს ქმნის და დაადგინოს, გაფიცვის რა პერიოდით გადადება არის მართლზომიერი. 5 დღე? 15 დღე? 25 დღე? სასამართლოს არ უმსჯელია, რა დრო სჭირდებოდა მერიას მეტროს თანამშრომელთა გაფიცვასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან ასარიდებლად.”

4. როგორც კონსტიტიუციური სამართლის სპეციალისტი ამბობს, ეს გადაწყვეტილება, მეორე მხრივ, ნიშნავს, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია, რატომ ითხოვდა მერია გაფიცვის გადადებას:

“მერია მოქალაქეთა ტრანსპორტირების ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს და იმიტომ? პროფკავშირთან მოსალაპარაკებლად დამატებითი დრო სჭირდება და იმიტომ? სხვა სიტყვებით, თუ სასამართლო არ გამოიკვლევს გაფიცვის გადადების მოტივს და მეტროს მნიშვნელობის შესახებ ზოგადი მსჯელობით შემოიფარგლება, 30 დღის შემდეგ მეტრო ამ მნიშვნელობას დაკარგავს? 30 დღის შემდეგ მეტრო დღიურად 327 ათასს მგზავრს აღარ გადაიყვანს? სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახური აღარ იქნება? ცხადია, იქნება, მაგრამ კანონი არ გამორიცხავს მათი გაფიცვის უფლებას. ვერც სასამართლო და ვერც მერია 30 დღის შემდეგ ვერაფერს იზამს.”

5. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ამბობს, რომ მეტროს მშრომელები არ ასახელებენ, რა ვადით გეგმავენ გაფიცვას. ამ ვადის განუსაზღვრელობა კი, – ამბობს სასამართლო, – საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ვაკო ნაცვლიშვილის შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს წარმოდგენა არ აქვს, რა არის გაფიცვა:

“[მოსამართლეს] წარმოდგენა არ აქვს, რომ გაფიცვა აზრს კარგავს, თუ წინასწარ დააანონსებ გაფიცვის დასრულების თარიღს. არ არსებობს არცერთი კანონი, რომელიც დაავალდებულებდა მშრომელებსა და პროფკავშირს, გაფიცვის დასრულების თარიღი წინასწარ გამოეცხადებინათ.”

7. ნაცვლიშვილის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან იღებს სათავეს გაფიცვის გადადების წესი. 1935 წელს ფ.დ. რუზველტმა მიიღო შრომის ურთიერთობების ახალი კანონი, რომელიც პროფკავშირებს მოლაპარაკებისა და ბრძოლის ძლიერ იარაღებს სთავაზობდა.

“ამ კანონის მიღებისა და თანმდევი პოლიტიკის გატარების შემდეგ, ამერიკული პროფკავშირები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ, რაც პირდაპირ აისახა მშრომელთა კეთილდღეობაზე. პროფკავშირების დასასუსტებლად, 1947 წელს ამერიკის კონგრესმა მიიღო დიდი ბიზნესის ლობირების შედეგად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც გაფიცვა გადავადებას დაექვემდებარა. ამ კანონის მიღებით ამერიკული პროფკავშირების დასუსტება იწყება,” – ამბობს კონსტიტუციონალისტი.

8. გაფიცვის გადავადების ზოგადი პრინციპის უკან, როგორც სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ასაბუთებს, საზოგადოებრივი, საჯარო ინტერესის დაცვა დგას. შესაბამისად, როგორც სასამართლო ირწმუნება, მეტროს თანამშრომლებს გაფიცვა გადავადდა იმიტომ, რომ დაეცვათ საჯარო ინტერესი – ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურები.

ვაკო ნაცვლიშვილის სვამს კითხვას – თუ ეს ასეა, თუ გაფიცვის გადავადების უკან საჯარო ინტერესის დაცვა დგას, რატომ მიიჩნევა მოსარჩელედ კომპანია და არა – სახელმწიფო? მისი თქმით, კომპანია კერძო, კომერციული ინტერესებით ხელმძღვანელობს.

“თუ გაფიცვით საფრთხე საჯარო სიკეთეს ადგება, მოსარჩელე ყოველთვის სახელმწიფო ან მუნიციპალური ორგანო უნდა იყოს. ამ შემთხვევაშიც სასამართლოსთვის უშუალოდ მერიას უნდა მიემართა და არა – შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. მეტროს შემთხვევაში ეს წესი, შესაძლოა, არ მნიშვნელობდეს, რადგან შპს თბილისი სატრანსპორტო კომპანია მერიას უდრის.

მაგრამ რა ხდება, თუ საჯარო ინტერესის დაცვის სახელით სასამართლოს არემჯი გოლდი მიმართავს? და თუ სასამართლო თვისებრივად საჯარო ინტერესზე მსჯელობს, რატომ განიხილავს საქმეს სამოქალაქო კოლეგია, რომელიც კერძო პირებს შორის დავებზე არის სპეციალიზებული? რატომ არ განიხილავს ასეთ დავებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, სადაც თეორიულად მეტია საჯარო ინტერესის, როგორც ასეთის, გაგება?” – აცხადებს საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი 2016 წლიდან მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას უშედეგოდ ითხოვს. მემანქანეები საათობრივი ტარიფის გაზრდას ითხოვენ, რაც სახელფასო განაკვეთის დაახლოებით 45%-ით ზრდას გულისხმობს.

“ერთობა 2013”-ის ინფორმაციით, მემანქანისთვის საათობრივი ანაზღაურება არის 6 ლარი და 90 თეთრი, ხოლო თვეში 150 სამუშაო საათია. შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში მათი ხელფასი 1 035 ლარი გამოდის. მემანქანეები ითხოვენ, რომ ანაზღაურება საათში 10 ლარამდე გაიზარდოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ხელფასი თვეში დაახლოებით 1500 ლარი იქნება.

რატი კაპანაძე, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარეა, თავადაც მემანქანედ მუშაობს თბილისის მეტროში. მისი თქმით, “ერთობა 2013”-მა ჩაატარა შიდა კვლევა, სადაც თვალნათლივ გამოჩნდა, რომ მემანქანეების 60-65% ვერ აღწევს საპენსიო ასაკამდე და ახალგაზრდები იღუპებიან, რის მიზეზადაც მძიმე შრომის პირობებს ასახელებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელ პროფკავშირს სამართლებრივ კონსულტაციებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი უწევს. ორგანიზაციის იურისტის, ლინა ღვინიანიძის შეფასებას გაეცანით ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი