ახალი ამბებისაზოგადოება

“უმრავლესობა საპენსიო ასაკამდე იღუპება” – მეტროს მემანქანეთა პირობები და ანაზღაურება

30 აპრილი, 2018 • 5633
“უმრავლესობა საპენსიო ასაკამდე იღუპება” – მეტროს მემანქანეთა პირობები და ანაზღაურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი 2016 წლიდან მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას უშედეგოდ ითხოვს. მემანქანეები საათობრივი ტარიფის გაზრდას ითხოვენ, რაც სახელფასო განაკვეთის დაახლოებით 45%-ით ზრდას გულისხმობს.

თბილისის მერია და სატრანსპორტო კომპანია ხელფასების ზრდას გამორიცხავენ, ხოლო მემანქანეები ხუთშაბათიდან გაფიცვას გეგმავენ, რამაც შესაძლოა თბილისის მეტროს პარალიზება გამოიწვიოს.

დედაქალაქის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის განცხადებებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეტრო არ გაჩერდეს, თუმცა, როგორ აპირებენ ამას, ჯერჯერობით არ ვიცით. ფაქტია, რომ მემანქანეთა აბსოლუტური უმრავლესობა გაფიცვას აპირებს.

“დღემდე მოვდივართ მოლაპარაკებების გზით, მაგრამ უშედეგოდ დავდივართ ერთ წრეზე. დღეს ჩვენს პროტესტს გამოვხატავთ გაფიცვით. 23 აპრილს ამოიწურა წინასაგაფიცვო პერიოდი. დღეს, შრომით კანონით გათვალისწინებით, სამი დღით ადრე ვატყობინებთ სახელმწიფოს უშუალოდ გაფიცვის დაწყების თარიღსა და დროს. ეს იყო დღევანდელი ბრიფინგის ძირითადი მიზანი,” – აცხადებენ თბილისის მეტროს მემანქანეები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის (“ერთობა 2013”) განცხადებით, სატრანსპორტო კომპანიაში სულ 240 მემანქანეა და ყველა მათგანი ერთსულოვანია გაფიცვისადმი. “ერთობა 2013”-ში დაახლოებით 200 მემანქანეა გაწევრიანებული, თუმცა, პროფეისული გაერთიანების თქმით, დანარჩენი 40 ადამიანიც ერთსულოვანია მოთხოვნებთან და გაფიცვასთან დაკავშირებით. დამოუკიდებელი პროფკავშირის დამფუძნებლების თქმით, რომლებიც ასევე მემანქანეები არიან, რაღაც მიზეზების გამო დღესდღეობით ისინი არ არიან “ერთობა 2013”-ის წევრები.

“ერთობა 2013”-ის განცხადებით, მემანქანეების გარდა, მათთან ერთად არიან სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებიც, რომლებსაც ანალოგიური პრობლემები აქვთ.

რამდენიმე დღის წინ, მედიაციის ფარგლებში, ბოლო შეხვედრა თბილისის მერიაში შედგა, სადაც მემანქანეებს თბილისის ვიცემერი შეხვდა. ირაკლი ხმალაძის პოზიცია იყო ის, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ხელფასების ზრდის რესურსი, რის გამოც “ერთობა 2013”-მა გაფიცვა გადაწყვიტა.

როგორ პირობებში მუშაობენ მეტროს მემანქანეები

რატი კაპანაძე, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარეა, თავადაც მემანქანედ მუშაობს თბილისის მეტროში. მისი თქმით, “ერთობა 2013”-მა ჩაატარა შიდა კვლევა, სადაც თვალნათლივ გამოჩნდა, რომ მემანქანეების 60-65% ვერ აღწევს საპენსიო ასაკამდე და ახალგაზრდები იღუპებიან. ამის მიზეზად რატი მძიმე შრომის პირობებს ასახელებს.

“გარდა იმისა, რომ არის უდიდესი პასუხისმგებლობა იმ 400 000 ადამიანზე, რომელიც ყოველდღიურად მეტროთი გადაადგილდება, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ მემანქანეს თუ მეტროს სხვა თანამშრომელს. უშუალოდ პირადი პასუხისმგებლობაა მათი მგზავრების უსაფრთხოება. მაგალითისთვის, მხოლოდ ერთ გადაყვანაზე, ერთ მემანქანეს 1 000 ადამიანის სიცოცხლე აბარია ერთი სადგურიდან მეორემდე. ამ შემთხვევაში პირდაპირი პასუხისმგებლობაა მემანქანის,” – ამბობს რატი კაპანაძე.

როგორც რატი კაპანაძე გვიყვება, მემანქანე მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში მუშაობს, ასევე, გარემოა ძალიან მძიმე:

“ხმაური, ვიბრაცია, მხედველობის პრობლემები გვირაბიდან დღის შუქზე გამოსვლის პირობებში და წნევის ცვალებადობა… ყველაზე რთულია უჟანგბადობა და რკინისა თუ სხვა სხეულობის დიდი ოდენობით არსებობა ჰაერში, რაც იწვევს პროფესიულ დაავადებებს.”

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის თქმით, რადგანაც მავნე და მძიმე პირობებში იმყოფებიან მეტროს თანამშრომლები, კვირაში 40 საათს მუშაობენ. რატი კაპანაძის თქმით, დღის განმავლობაში მაქსიმუმ 8 საათით არის მუშაობა შესაძლებელი, ხოლო თვეში, საშუალოდ, 150 საათით.

ზაზა ბარბაქაძე 12 წლის განმავლობაში მემანქანედ მუშაობდა თბილისის მეტროში, ხოლო ახლა ელექტრო დეპო – გლდანის მორიგეა. ისიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

2013 წლიდან შეიქმნა ჩვენი პროფკავშირი. იმ დღიდან ვზრუნავთ ჩვენი შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე და ხელფასების ზრდაზე. 2013 წლის შემდეგ კომპანიაში ხელფასი არ გაზრდილა. 2016 წელს ჩვენ გავმართეთ საპროტესტო აქციები, გავიფიცეთ და 1 თვით გადაგვივადა სასამართლომ. ამ ერთ თვეში 3-პუნქტიანი შეთანხმება დავდეთ.

შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო ის, რომ 2017 წელში ხელფასები უნდა გაზრდილიყო 20%-ით, რაც არ შესრულებულა. უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც იმსჯელებდა ხელფასების გადახედვაზე. ეს კომისია არ შეიქმნა, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნებისა კომპანიასთან, რომ შეგვექმნა კომისია და ერთად გვემუშავა. 2017 წელს საერთოდ უგულებელყვეს შეთანხმების ეს პუნქტი და ასე მოვედით დღემდე,” – ამბობს ზაზა ბარბაქაძე.

ბარბაქაძის განცხადებით, 2017 წლის ნოემბრის ბოლოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა, რომელთანაც მეტროს თანამშრომლებს ყოველდღიური შეხვედრები აქვთ, თუმცა მისგან მხოლოდ დაპირებებს ისმენენ.

რამდენია მემანქანის ხელფასი?

“ერთობა 2013”-ის ინფორმაციით, მემანქანისთვის საათობრივი ანაზღაურება არის 6 ლარი და 90 თეთრი, ხოლო თვეში 150 სამუშაო საათია. შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში მათი ხელფასი 1 035 ლარი გამოდის. მემანქანეები ითხოვენ, რომ ანაზღაურება საათში 10 ლარამდე გაიზარდოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ხელფასი თვეში დაახლოებით 1500 ლარი იქნება.

მემანქანეთა სამუშაო საათების შესახებ დღეს გავრცელებულ განცხადებაში არ საუბრობს თბილისის სატრანსორტო კომპანია, თუმცა აღნიშნავს, რომ მეტროს მემანქანეთა ხელფასი წლიდან წლამდე გაზრდილია, რის დასამოწმებლადაც მათი შემოსავლების ზრდის დინამიკა გამოაქვეყნეს 2013-2017 წლების მიხედვით:

2013 წ. 2014 წ. 2015 წ. 2016 წ. 2017 წ.
მემანქანე ინსტრუქტორი 1,824 1,962 1,968 2,046 2,158
ხაზის მემანქანე 1,605 1,700 1,730 1,794 1,827

ზაზა ბარბაქაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფკავშირი მხოლოდ მემანქანეებს არ მოიცავს. მისი თქმით, იგივე პრობლემები აქვთ მეტროპოლიტენში სხვა თანამდებობებზე დასაქმებულ ადამიანებსაც, რომლებიც ასევე ერთსულოვნები არიან გამოცხადებული პროტესტის მიმართ.

კალაძეს მემანქანეთა მიდგომები “ადამიანურად” არ მოსწონს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფკავშირების წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრას დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც ესწრებოდა და პირადად მოისმინა მემანქანეთა მოთხოვნები. თბილისის მერი ირწმუნება, რომ მეტროს პარალიზება არ მოხდება, რადგან პროტესტი სულ რამდენიმე ადამიანს აქვს.

“ჩვენ ავუხსენით მათ არსებული ეკონომიკური მდოგმაროება. 1 300 ლარი შეიძლება არ იყოს დიდი ხელფასი, თუმცა ჩვენ გვყავს ადამიანები, ვისაც არანაკლებ პასუხისმგებლობა აქვს სხვადასხვა საქმიანობაზე და მუშაობაზე, რომლებიც იღებენ 700 ლარს, 800 ლარს და 400 ლარს.

კახა კალაძე

ნამდვილად გულდასაწყვეტია ეს მიდგომები, რაც, რა თქმა უნდა, კონკრეტული პატარა ნაწილისგან გაჟღერდა. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ერთობისკენ, რომ ზოგადად ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს ქალაქს, ერთიანი ძალისხმებით მოვაგვაროთ. უცებ, ადამიანების რამდენიმეკაციანი ჯგუფი გამოდის და ითხოვს ხელფასების მატებას,” – განაცხადა კახა კალაძემ.

გაფიცვა მეტროპოლიტენის თანამშრომლების კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა კალაძე მიიჩნევს, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლების მიდგომები “ადამიანურად არის გულდასაწყვეტი და ძალიან ცუდი”.

“ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებსაც არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ და მათ აქვთ გაცილებით ნაკლები ხელფასები. მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც გაიზრდება ეკონომიკა და იქნება მეტი შესაძლებლობები, ხელფასები გაიზრდება ყველა მიმართულებით. დღეს შეუძლებელია რაიმე თანხების მატებაზე საუბარი არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე,” – ამბობს თბილისის მერი.

უცნობია, როგორ შეაჩერებს სატრანსპორტო კომპანია მეტროს პარალიზებას

თბილისის სატრანპორტო კომპანია აცხადებს, რომ მათთვის 6300-მდე თანამშრომლისთვის პირობების გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მათი განცხადებით, ბოლო წლებში გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის.

“მოლაპარაკებების პროცესში სატრანსპორტო კომპანიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში,” – აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

როგორც კომპანია აცხადებს, მეტროს მემანქანეებისთვის კეთილმოეწყო სპეციალური მოსასვენებელი ოთახები. ასევე, მათი განცხადებით, თითოეულ მემანქანეს შესაძლებლობა აქვს, აიმაღლოს კვალიფიკაცია ტექნიკურ სკოლაში და მიიღოს უფრო მეტი ანაზღაურება (კომპანიის ცნობით, სწავლის პერიოდში მემანქანე იღებს ხელფასს), თანრიგის ცვლილების შესაბამისად.

“კომპანიაში დაინერგა წელთა ნამსახურეობისა და ღამის სამუშაოების ტარიფების ზრდა, რაც დადებითად აისახა თანამშრომელების შემოსავლებზე. სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მეტროს მემანქანეების კონკრეტულ ჯგუფს, უფრო მეტად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ გააჩნიათ საზოგადოების წინაშე,” – ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მემანქანეების გაფიცვამ არ გამოიწვიოს მეტროს გაჩერება და ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის შეფერხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი