თბილისში ვლადიმირ სოროკინი და ბერნარ მორი მკითხველებთან შეხვედრას გამართავენ

თბილისში პუტინთან დაპირისპირებული მწერალი და დრამატურგი ვლადიმირ სოროკინი და ნორვეგიელი ჟურნალისტი და მწერალი ბერნარ ლ. მორი ჩამოდიან. ისინი მკითხველებთან შეხვედრას გამართავენ.

რუსი მწერალი და დრამატურგი ვლადიმირ სოროკინი 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ეწვევა თბილისს. ნორვეგიელი მწერალი, ჟურნალისტი, დიდი ნორვეგიული გამომცემლობა „კაპელენ დამის“ რედაქტორი ბერნარ ლ. მორი 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ჩამოვა. ისინი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგებიან.

მწერლები გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ მოწვევითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და ნორვეგიული ორგანიზაცია „ნორლას“ მხარდაჭერით ჩამოდიან.

ვლადიმირ სოროკინი. ფოტო: Maria Sorokina

ვლადიმირ სოროკინი არაერთი რომანისა თუ პიესის ავტორია, მიღებული აქვს ნაციონალური და საერთაშორისო ლიტერატურული პრემიები. მისი წიგნები, რომლებიც ამჟამად ათეულობით ენაზეა თარგმნილი, იკრძალებოდა საბჭოთა პერიოდში და რუსეთში პირველად 1989 წელს გამოქვეყნდა. 2002 წელს ვლადიმირ სოროკინი ხელმეორედ გახდა ცენზურის მსხვერპლი, როდესაც ვლადიმერ პუტინთან ასოცირებულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ მის წინააღმდეგ დიდი კამპანია წამოიწყო და ე. წ. პატრიოტულ-მართლმადიდებლური ორგანიზაციების წევრებმა მისი წიგნები რუსეთში საჯაროდ დაწვეს.

მწერლის ვიზიტთან დაკავშირებით გამომცემლობა „ინტელექტი“ გამოსცემს მის ბოლო წიგნს „ქარბუქი” (მთარგმნელი სერგო წურწუმია), რომლის წარდგენაც 30 მაისს, 19:00 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში შედგება (მოდერატორები: პაატა შამუგია და გვანცა ჯობავა).

31 მაისს, 14:30 საათზე სოროკინი თავის მკითხველს ახალ რომანს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მთავარ სცენაზე წარუდგენს. ორივე ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ნორვეგიელი მწერლის ბერნარ მორის საქართველოში ვიზიტს გამომცემლობა „არტანუჯმა“ მისი დოკუმენტური რომანის „რატომ ირჩევენ რუსები პუტინს“ (მთარგმნელი თამარ კვიჟინაძე) გამოცემა დაამთხვია. 2006 წელს ბერნარ მორი, იმ დროისთვის ჟურნალისტის ამპლუაში, რუსეთში ორი წლით გადავიდა საცხოვრებლად და ადგილობრივ გაზეთში დაიწყო მუშაობა. მაშინ ჯერ კიდევ ბევრს სწამდა, რომ რუსეთის დემოკრატიული განვითარება შესაძლებელი და მოსალოდნელიც კი იყო.

ბერნარ მორი Photo: Maja Hattvang

პირველი სტუმრობიდან ათი წლისთავზე, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ბერნარ მორი ისევ დაბრუნდა რუსეთში, ამჯერად იმისთვის, რომ მიეღო პასუხები უმთავრეს შეკითხვებზე: რატომ ირჩევენ რუსები პუტინს? რატომ უჭერენ მხარს სისტემას, რომელიც დასავლური თვალით ძალიან ჰგავს მუდმივად მზარდ რეპრესიულ რეჟიმს?

ბერნარ მორის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება 1 ივნისს, 19:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში (მოდერატორები: ლაშა ბაქრაძე და ზვიად კვარაცხელია), მასთან შეხვედრის საშუალება მკითხველს იმავე დღეს, 14:00-ზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მთავარ სცენაზეც მიეცემა. ორივე ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com