ფეისბუკი, გრძელვადიანი ურთიერთობის მიზნით გაცნობისთვის, ახალ აპლიკაციას ქმნის

ფეისბუკი თავის პლატფორმაზე ახალი ონლაინ გაცნობის აპლიკაციის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ სოციალური ქსელის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა სამშაბათს, პირველ მაისს, ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, წერს The Guardian.

ცუკერბერგის თქმით, გაცნობის ახალი ფუნქცია დაეხმარება მომხმარებლებს, შექმნან გრძელვადიანი ურთიერთობები. მისივე განმარტებით, სხვა, უკვე არსებული ონლაინ გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, ფეისბუკის ბაზაზე შექმნილი სოციალური ქსელი ორიენტირებული არ იქნება ერთჯერადი პარტნიორების მოძიებაზე.

“ჩვენ გვინდა, რომ ფეისბუკი იყოს ის ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვანი ურთიერთობების დაწყება. ჩვენ მიერ შექმნილი აპლიკაცია იმთავითვე ითვალისწინებს პრივატულობასა და მონაცემების უსაფრთხოებას,” – განაცხადა ცუკერბერგმა.

აპლიკაციის შექმნის გადაწყვეტილება ფეისბუკის გუნდმა სოციალური ქსელისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში მიიღო. უკვე თვეზე მეტია, რაც ცნობილია, რომ ფეისბუკი ათობით მილიონი მომხმარებლის მონაცემებს მესამე პირს, კერძოდ კი ანალიტიკურ Cambridge Analytica-ს აძლევდა, რომელიც თავის მხრივ, ამ ინფორმაციას 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ იყენებდა. 

როგორც ფეისბუკში განმარტევენ, ახალ აპლიკაციაში მხოლოდ მომხმარებლის სახელი გამოჩნდება და მათ ანგარიშებს მხოლოდ ისინი ნახავენ, ვინც აღნიშნული ონლაინ გაცნობის სერვისით სარგებლობს. მათივე ინფორმაციით, დაწყვილებული მომხმარებლები ერთმანეთს წერილებს არა WhatsApp-ის ან Facebook Messenger-ის [ორივე აპლიკაციას ფეისბუკი ფლობს], არამედ ახალი პლატფორმის მეშვეობით გაუგზავნიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან