ახალი ამბები

დათხოვნილი CEO, თანამშრომელთა პროტესტი – რა ხდება ChatGPT-ის შემქმნელ კომპანიაში

21 ნოემბერი, 2023 • 1708
დათხოვნილი CEO, თანამშრომელთა პროტესტი – რა ხდება ChatGPT-ის შემქმნელ კომპანიაში

ხელოვნური ინტელექტის [AI] სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე კომპანიის და ChatGPT-ის შემქმნელის, OpenAI-ის თანამშრომელთა დიდი ნაწილი სამსახურიდან წასვლას აპირებს – ამის მიზეზი კომპანიის გენერალური დირექტორის [CEO], სემ ელტმენის დათხოვნაა.

ელტმენი, რომელიც კომპანიას დაფუძნების დღიდან ედგა სათავეში, კომპანიის დირექტორთა საბჭომ პარასკევს, 17 ნოემბერს დაითხოვა. კონკრეტული მიზეზები საბჭოს განცხადებაში მითითებული არაა.

როგორც „ბი-ბი-სი“ აღნიშნავს, საბჭომ განაცხადა, რომ ელტმენი „არ იყო გულწრფელი კომუნიკაციაში საბჭოსთან, რაც ხელს უშლიდა მის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას“. მეტი დეტალები არც საბჭოს და არც კომპანიის აწ უკვე ყოფილ გენერალურ დირექტორს არ გაუმჟღავნებიათ.

OpenAI-ის დროებით გენერალურ დირექტორად დაინიშნა ემეტ შერი, პლატფორმა Twitch-ის თანადამფუძნებელი. მისი თქმით, ელტმენის გათავისუფლების მიზეზი რაიმე კონკრეტული საკითხი არ ყოფილა.

ელტმენის დათხოვნას თანამშრომელთა დიდი ნაწილის [770-დან 743-ის] პროტესტი მოჰყვა – ერთობლივ განცხადებაში ისინი ეჭვქვეშ აყენებენ საბჭოს კომპეტენციას, ადანაშაულებენ მას კომპანიის მუშაობისთვის ძირის გამოთხრაში, ითხოვენ ელტმენის დაბრუნებას და იმუქრებიან, რომ შეიძლება დატოვონ სამსახური, თუ მოთხოვნებს არ დაუკმაყოფილებენ.

თუმცა OpenAI-ის დატოვების შემთხვევაში ისინი უმუშევრები არ დარჩებიან. კომპანიის 49% „მაიკროსოფტს“ ეკუთვნის – გიგანტურ კორპორაციაში უკვე გადავიდა თავად ელტმენი, ხელოვნური ინტელექტის გუნდის ხელმძღვანელად. „მაიკროსოფტში“ ამბობენ, რომ მათი კარი ღიაა OpenAI-დან გადასვლის მსურველი თანამშრომლებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი