მეტროს მემანქანეების გაფიცვა სასამართლომ კომპანიის თხოვნით ერთი თვით გადაავადა

დღეს, 3 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროს მუშების გაფიცვა ერთი თვით, 2 ივნისამდე გადაავადა, ამის საფუძველი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შუამდგომლობაა.

მეტროში დასაქმებულების პროფკავშირის წევრების ადვოკატმა, ბექა ბადრიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მეტრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მისი გაჩერება გზების პარალიზებას გამოიწვევს.

გაფიცვისთვის მემანქანეები 23 აპრილიდან ემზადებოდნენ, ისინი 3 მაისს გაფიცვას გეგმავდნენ. სასამართლომ მათ ერთხელ უკვე გადაუვადა 21 დღით საგაფიცვო პერიოდი, რაც მედიაციისთვისაა გათვალისწინებული.

მეტროში დასაქმებულების პროფკავშირის “ერთობა2013″–ის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ პროფკავშირის წევრები დღეს საღამოს შეიკრიბებიან და იმსჯელებენ დაემორჩილებიან თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას. დიდი ალბათობით მემანქანეები სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან.

მეტროში დასაქმებულების ნაწილი 30 აპრილს შეიძლება გაიფიცოს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განაცხადა, რომ მათ ჰყავთ რეზრვი და მემანქანეების გაფიცვის შემთხვევაში მათ გამოიყენებენ. რატი კაპანაძის თქმით, მეტროში რეზერვი არ არსებობს. მას აქვს ინფორმაცია, რომ იმ ადამიანებს დაასაქმებენ, რომლებიც წლების წინ არიან წასული სამსახურიდან.

“ზოგი ჯანმრთელობის პრობლემითაა წასული, ზოგი დისციპლინარული სასჯელით. რეგულაციის მიხედვით, თუ მემანქანე 6 თვით არის ჩამოშორებული საქმიანობას, ხელახლა გამოცდები უნდა ჩააბაროს, თუ წლების წინაა წასული, 6-თვიანი სასწავლო კურსები უნდა გაიაროს”, – ამბობს რატი კაპანაძე.

“ნეტგაზეთმა” თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიმართა რეზერვში არსებული დასაქმებულების თაობაზე, სადაც განგვიცხადეს, რომ ისინი მოგვიანებით უპასუხებენ ჩვენს შეკითხვებს.

300 ადამიანია გაერთიანებული. მეტროს მემანქანეები ხელფასის 45%–ით მატებას ითხოვენ.

“ერთობა 2013”-ის ინფორმაციით, მემანქანისთვის საათობრივი ანაზღაურება არის 6 ლარი და 90 თეთრი, ხოლო თვეში 150 სამუშაო საათია. შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში მათი ხელფასი 1 035 ლარი გამოდის. მემანქანეები ითხოვენ, რომ ანაზღაურება საათში 10 ლარამდე გაიზარდოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ხელფასი თვეში დაახლოებით 1500 ლარი იქნება.

ლინა ღვინიანიძე: მეტროს მემანქანეთა გაფიცვაზე კალაძის პოზიცია პრობლემურია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com