ახალი ამბებისამართალი

ლინა ღვინიანიძე: მეტროს მემანქანეთა გაფიცვაზე კალაძის პოზიცია პრობლემურია

1 მაისი, 2018 • 4046
ლინა ღვინიანიძე: მეტროს მემანქანეთა გაფიცვაზე კალაძის პოზიცია პრობლემურია

გაფიცვა მეტროპოლიტენის თანამშრომლების კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლების მიდგომები “ადამიანურად არის გულდასაწყვეტი და ძალიან ცუდი”. კახა კალაძე ხელფასების ზრდას გამორიცხავს და ასევე ირწმუნება, რომ მემანქანეთა კოლექტიური გაფიცვა მეტროს პარალიზებას არ გამოიწვევს. დღეს იგივე პოზიცია აქვს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასაც, რომელიც მემანქანეებს 2016 წელს მედიაციის ფარგლებში ხელფასების მატებას დაჰპირდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელ პროფკავშირს სამართლებრივ კონსულტაციებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი უწევს. ECM-ის იურისტის, ლინა ღვინიანიძის შეფასებით, პრობლემურია დედაქალაქის მერის პოზიცია, რომელიც გამოხატა საჯაროდ, სანამ “ერთობა 2013”-ის წარმომადგენლებს შეხვდებოდა და ჩაერთვებოდა მედიაციის პროცესში, როგორც ერთ-ერთი მხარე.

“მერიის პოზიცია ამ საკითხზე თავიდანვე იყო ძალიან ხისტი და არანაირ მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა მხარეებს შორის. პრინციპში, მერიას არც კი განუხილავს არცერთი შეთავაზება, არცერთპროცენტიანი ხელფასის ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო კომპანიამ, ვინც არის მეტროპოლიტენის თანამშრომლების დამსაქმებელი, მათი ხელფასების გაზრდის ვალდებულება 2016 წელს აიღო, მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

მაშინაც ჰქონდათ გაფიცვის კანონიერი უფლება, მაგრამ მეტროს მემანქანეები არ გაიფიცნენ სწორედ იმიტომ, რომ კომპანია მათ ხელფასის ზრდას დაჰპირდა. ეს იყო ერთ-ერთი პირობა ხელშეკრულების, რომელიც არ შესრულდა და ორი წლის განმავლობაში კომპანია მუდმივად ავადებდა ამ პროცესს,” – ამბობს ლინა ღვინიანიძე.

იურისტის განცხადებით, მედიაციის ფარგლებში, რეალურად, არცერთი შეთანხმება არ განუხილავს თბილისის მერიას:

“არცერთი არგუმენტაცია მოგვისმენია, თუ რატომ არ თვლის მერია ან სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის თანამშრომლების მოთხოვნას სამართლიანად. მემანქანეები საუბრობენ იმ გარემოებებზე, რის გამოც მათი ხელფასი არის შეუსაბამო: მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა ყოველდღიურად, რაც აისახება მათ ჯანმრთელობაზე საზიანოდ. ისინი ასევე მიუთითებენ, რომ 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც ინფლაცია ცხადია ქვეყანაში, მათი ხელფასი არის გადაუხედავი დღემდე, რამაც, მემანქანეების თქმით, ამ პერიოდში კიდევ უფრო გაუუარესათ მდგომარეობა და ანაზღაურება აქცია კიდევ უფრო უსამართლოდ/არასათანადოდ.”

ლინა ღვინიანიძე, EMC

ლინა ღვინიანიძის თქმით, ეს არის შრომითი დავა, რომელიც ინტერესზეა დაფუძნებული. მისი თქმით, როგორც ერთობა 2013-ის წევრებს მოუწევთ დასაბუთება, ასევე მოუწევთ მერიას და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას იმის დასაბუთება, თუ რატომ არ არის ეს გონივრული მოთხოვნა. როგორც ლინა ამბობს, ამ საკითხზე სათანადო დისკუსია მედიაციის ფარგლებში ვერ შედგა, რადგან დედაქალაქის მერიამ არცერთი პირობა არ განიხილა.

მეტროს მემანქანეები აცხადებენ, რომ 2013 წლიდან მათი ხელფასი არ გაზრდილა, სატრანსპორტო კომპანია კი ამბობს, რომ მოიმატა მათმა ხელფასმა.

ღვინიანიძის თქმით, 2016 წელს მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა გარკვეული ტიპის ბენეფიტები სწორედ მედიაციის და კოლექტიური დავის შედეგად მიიღეს, თუმცა ეს არ ყოფილა უშუალოდ ხელფასის ზრდა: “ეს იყო რამდენიმე ბენეფიტი, რომელიც კოლექტიური დავით მიიღეს. ამან საერთო ზრდა გამოიწვია, მაგრამ არ მომხდარა უშუალოდ შრომითი ანაზღაურების, ხელფასის გადახედვა.”

ლინა ღვინიანიძისთვის გაუგებარია, რას გულისხმობდა თბილისის მერი, როდესაც თავის განცხადებაში თქვა, რომ მეტროს მემანქანეებს აქვთ გაფიცვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება,  მეორე მხრივ კი, მიუთითებდა, რომ მეტრო განაგრძობს მუშაობას.

EMC-ის ინფორმაციით, ერთობა 2013-ის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა თვითონ მემანქანეები არიან, ხოლო მეტროპოლიტენის მემანქანეთა დიდი ნაწილი გაწევრიანებულია მათ მიერვე დაარსებულ დამოუკიდბელ პროფესიულ კავშირში.

“ყველა მათგანი აპირებს საგაფიცვო პროცესში მონაწილეობას, რაც ნიშნავს იმას, რომ მეტროს მემანქანეთა უდიდესი ნაწილი გაიფიცება. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს მეტროს პარალიზებას, თუმცა, ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა თბილისის მერი და რის საფუძველზე მიიჩნევს ის, რომ ეს პროცესი არ გამოიწვევს მეტროს გაჩერებას,” – ამბობს ლინა ღვინიანიძე.

“უმრავლესობა საპენსიო ასაკამდე იღუპება” – მეტროს მემანქანეთა პირობები და ანაზღაურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი 2016 წლიდან მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას უშედეგოდ ითხოვს. მემანქანეები საათობრივი ტარიფის გაზრდას ითხოვენ, რაც სახელფასო განაკვეთის დაახლოებით 45%-ით ზრდას გულისხმობს.

თბილისის მერია და სატრანსპორტო კომპანია ხელფასების ზრდას გამორიცხავენ, ხოლო მემანქანეები ხუთშაბათიდან გაფიცვას გეგმავენ, რამაც შესაძლოა თბილისის მეტროს პარალიზება გამოიწვიოს.

დედაქალაქის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის განცხადებებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეტრო არ გაჩერდეს, თუმცა, როგორ აპირებენ ამას, ჯერჯერობით არ ვიცით. ფაქტია, რომ მემანქანეთა აბსოლუტური უმრავლესობა გაფიცვას აპირებს.

“ერთობა 2013”-ის ინფორმაციით, მემანქანისთვის საათობრივი ანაზღაურება არის 6 ლარი და 90 თეთრი, ხოლო თვეში 150 სამუშაო საათია. შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში მათი ხელფასი 1 035 ლარი გამოდის. მემანქანეები ითხოვენ, რომ ანაზღაურება საათში 10 ლარამდე გაიზარდოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ხელფასი თვეში დაახლოებით 1500 ლარი იქნება.

თბილისის მეტროს მემანქანეები 3 მაისს გაიფიცებიან. ფოტო: EMC

მასალების გადაბეჭდვის წესი