ახალი ამბებისაზოგადოება

მეტროში დასაქმებულების ნაწილი 30 აპრილს შეიძლება გაიფიცოს

23 აპრილი, 2018 • 2289
მეტროში დასაქმებულების ნაწილი 30 აპრილს შეიძლება გაიფიცოს

თბილისის მეტროში დასაქმებულთა პროფკავშირი “ერთობა 2013” აცხადებს, რომ თუ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, 30 აპრილს გაიფიცებიან.

მეტროპოლიტენთან შრომით დავას პროფესიული გაერთიანება “ერთობა 2013” აწარმოებს, რომელიც უმეტესად წარმოადგენს მეტროპოლიტენის მემანქანეების ინტერესებს და 250 დასაქმებულს აერთიანებს.

აღნიშნული განცხადება პროფკავშირმა “ერთობა 2013″–მა დღეს, 23 აპრილს გაავრცელა, მას შემდეგ, რაც მედიაციისთვის განკუთვნლი შრომის კოდექსით გათვალისწინებული 21-დღიანი მონაკვეთი ამოიწურა.

“გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ “ერთობა 2013″ წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის გარშემო გაერთიანებულნი არიან დასაქმებულთა ის ნაწილი, რომელთაც თავიანთი შესრულებული სამუშაოს ღირსეულად დაფასება სურთ. იმ სამუშაო გარემოს, იმ მავნე პირობების და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვის გარანტად, რომლებსაც აქ დასაქმებულები ახორციელებენ.

სწორედ ამიტომ, მედიატორის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ერთი კვირა მიცემულ იქნა დასაქმებულთა მხრიდან კიდევ მეტი კომუნიკაციისთვის და მოსალოდნელი გაფიცვის უკიდურესი ზომის თავიდან ასარიდებლად. იმედს ვიტოვებთ, რომ დამატებით მიცემული ერთი კვირა მედიაციისთვის იქნება ნაყოფიერი და პროდუქტიული და მივალთ იმ პოზიციამდე, რომლის ლოგიკური დასასრული იქნება შედეგი, რომელსაც შრომთი ანაზღაურების მატება ჰქვია!!!”, – წერს პროფკავშირი.


თბილისის მეტროში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით „ერთობა 2013“-ის მიერ დაწყებული კოლექტიური დავა 2016 წლის მარტის თვეში დაიწყო, რომლის წარუმატებლად დასრულების შემდეგ პროფესიულმა კავშირმა საგაფიცვო მოქმედება დააანონსა, რაც სასამართლომ 21 დღით გადაავადა. ეს ვადა ერთ კვირაში გადის.

მემაქანეები ხელფასის მომატებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ 2013 წლიდან მათი ხელფასი არ გადახედილა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში საშუალო ხელფასი ბოლო 5 წელიწადში 30%–ით გაიზარდა, მეტროს მემანქანეთა ხელფასები უცვლელი დარჩა. მიუთითებენ, რომ წლების განმავლობაში მათი ანაზღაურება დაახლოებით 30%-ით მაინც აღემატებოდა საშუალო ხელფასს. 2017 წლის მდგომარეობით კი, სხვაობა მეტროს მემანქანეთა და საშუალო ხელფასის ოდენობას შორის მხოლოდ 13%-ს შეადგენდა.

EMC-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მემანქანეები მიუთითებენ, რომ არსებული ანაზღაურება შეუსაბამოა იმ გარემო პირობებთან, სამუშაო ციკლთან თუ პასუხისმგებლობასთან შედარებით, რომელსაც მეტროს მემანქანეები ყოველდღიურობაში აწყდებიან. ისინი მთელ სამუშაო დღეს მიწის ქვეშ ატარებენ, სადაც მომეტებული ხმაურის, მაღალი ვიბრაციის, ჟანგბადის ნაკლებობის, რადიაციული ფონის პირობებში უწევთ მუდმივ დაძაბულ რეჟიმში მუშაობა და დღეში 400 000 მგზავრის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.

მეტროს მემანქანეებმა მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრს 2 აპრილს მიმართეს, რის შედეგადაც დაიწყო მედიაციის პროცესი.

გაფიცვის გადავადების შემდეგ გამართული მოლაპარაკებისას შედგა შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე, რაც ასევე მოიცავდა ანაზღაურების გადახედვის საკითხს. თუმცა ეს პირობა დღემდე არ არის შესრულებული კომპანიის მხრიდან არაერთი დაპირებისა და შიდა მოლაპარაკების პროცესის მიუხედავად, რამაც მიმდინარე კოლექტიური დავა წარმოშვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი