ახალი ამბები

თურქული მედია: აზერბაიჯანმა გიულენის ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის ლიდერი თურქეთს გადასცა

29 აპრილი, 2018 • 2408
თურქული მედია: აზერბაიჯანმა გიულენის ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის ლიდერი თურქეთს გადასცა

აზერბაიჯანმა თურქეთს ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის ერთ-ერთი ლიდერი გადასცა – ამის შესახებ რამდენიმე თურქული გამოცემა იუწყება. “მილიეთის” ცნობით, მოქალაქე მუსტაფა ჯეილანი სამართალდამცავებმა სტამბულში ექსტრადიციის შემდეგ, შესაბამისი პროცედურების დასრულებისას დააკავეს.

გამოცემა წერს, რომ ჯეილანი გიულენის ორგანიზაციის ბათუმის განყოფილებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა. მისი დაკავების ბრძანება თურქეთის პროვინციების – აქსარაისა და კონიის სასამართლოებმა გასცეს. მას ბრალად “შეიარაღებული ტერორისტული ორგანზაციის წევრობა” ედება.

ჯეილანი აზერბაიჯანში 2017 წელს გაემგზავრა, რის შემდეგაც ადგილობრივმა პოლიციამ მალევე დააპატიმრა. ბოლო 1 წლის მანძილზე კი მისი წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობდა.

2016 წლის ივლისში თურქეთში განხორციელებული გადატრიალების მცდელობის შემდეგ ხელისუფლებამ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით ათობით ათასი ადამიანი დააკავა და სამსახურებიდან გაათავისუფლა. აღნიშნული შეეხოთ როგორც სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს, ისე სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს, მასწავლებლებსა და პროფესორებს, ჟურნალისტებსა და სხვებს.

აზერბაიჯანის მსგავსად, თურქულმა მხარემ არაერთ სხვა ქვეყანას სთხოვა იმ ადამიანთა გადაცემა, რომელთაც ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებოდათ. მათ შორისაა საქართველოც: საქართველოში მცხოვრები პედაგოგი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქული მხარის მოთხოვნით სამართალდამცავებმა 2017 წლის მაისში დააკავეს. ის წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან სასამართლომ მიმდინარე წლის თებერვალში გაათავისუფლა, თუმცა ჩაბუქის ექსტრადირების საკითხი გადაწყვეტილი კვლავ არ არის.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქული სხვადასხვა ქვეყნებიდან ათეულობით ექსტრადირებულის შესახებ საუბრობს, თუმცა არაერთმა ქვეყანამ ანკარას ადამიანთა გადაცემაზე უარი უთხრა. მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი და კოსოვო. აღნიშნულის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი