უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა შესაძლოა დასჯადი გახდეს

საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ უცხო ქვეყნის საზღვარზე გადაყვანა ან/და მათთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობა შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისგების საკითხი გახდეს. კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ჯერ პარლამენტში ინიცირებული არ არის, ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს.

მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტით, დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყვენების ხელშეწყობაც. იურიდიული პირი კი ამ ქმედებებისთვის, საქმიანობის უფლების ჩარმოთმევით, ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით დაისჯება.
მუხლის ფორმულირება კანონპროექტის მიხედვით
საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ან/და მოსთვის უცხო ქვეყანაში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელოს შეწყობა) კანონმდებლობოთ დადგენილი წესების დარღვევით –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

2. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
ა) არაერთგზოს;
ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
გ) ყალბი საბუთების გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

როგორც “ნეტგაზეთს” ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება:

“უვიზო მიმოსვლის ამოქმედებით უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ და ამასთან დაკავშირებით არანაირი თეორიული რისკიც კი არ უნდა გაჩნდეს. როდესაც საუბარია იმაზე, რომ გარკვეული პირები შეიძლება ცდილობდნენ კონკრეტულ შემთხვევებში საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანონ ან უკანონოდ ხელი შეუწყონ – ეს უნდა იყოს დანაშაული. ანუ, საქართველოს მოქალაქის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა და ხელშეწყობა კანონით უნდა ისჯებოდეს” – ამბობს მდინარაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

დეპუტატის თქმით, კანონპროექტის პირვანდელი ვერსია აღნიშნული ქმედებისთვის 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა რეგულაციები შესაძლოა დაზუსტდეს:

“ჩემი თხოვნაა სანქციებს ჯერჯერობით ყურადღება არ მივაქციოთ. ეს კანოპროექტი ჯერ ინიცირებულიც არაა და ის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ამას შეხვედრები უძღვის წინ, იქნება საკომიტეტო მოსმენები, არასამთავრობო სექტორთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნორებთან კონსულტაციები და მხოლოდ ამის შემდეგ გავა ეს სესიაზე, სადაც საბოლოოდ ეყრება კენჭი” – ამბობს მამუკა მდინარაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

კანონპროექტის გნამარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ბოლო პერიოდში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობისა და ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო იმატა კრიტიკამ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან და ღიად დაფიქსირდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მიზანშეწონილია, საქართველომ გარკვეული ღონისძიებები გაატაროს:

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.