აგარის შაქრის ქარხანა 1 მაისიდან ამუშავდება

პროფკავშირების ცნობით, 1 მაისიდან აგარის შაქრის ქარხანა ამუშავდება და ყველა დასაქმებული ხელფასს 31 დეკემბრამდე მიიღებს.

პროფკავშირების წევრის, გიორგი დიასამიძს ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს დღეს ბიზნესომბუდსმენს, დამსაქმებელსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე.

დიასამიძის ცნობით, ამჟამად აგარის შაქრის ქარხანა გეგმურ სარემონტო მდგომარეობაშია და იმ დასაქმებულებსაც მისცემენ ანაზღაურებას, რომლებიც ამ სამუშაოებს შეასრულებენ.

დიასამიძის ცნობით, პროფკავშირები გააგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ ქარხანამ სრული დატვირთით იმუშაოს 2018 წლის 31 დეკემბრის შემდეგაც.

აგარის ქარხნის დასაქმებულებმა აქციები ქარხნის ამუშავების მოხოვნით მარტის დასაწყისიდან დაიწყეს. 500–მდე დასაქმებული ამბობდა, რომ მთელი დასახლება შემოსავლის გარეშე დარჩებოდა.

“აგარის შაქარის კომპანია” მეშვიდე თვეა გაჩერებულია. ქარხნის მფლობელები აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს.

აგარის ქარხანაში დასაქმებულმა ადამიანებმა და მათი ოჯახის წევრებმა 18 აპრილს თბილისამდე მსვლელობა მოაწყვეს. ისინი სამი დღის განმავლობაში თბილისამდე ფეხით მოდიოდნენ. თბილისში ჩამოსულებმა კი აქცია მთავრობის კანცელარიასთან გამართეს. აქცია დაიშალა, რადგან ბიზნესომბუდსმენი მათ დაჰპირდა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა, საკითხები შეჯერდებოდა და დაახლოებით ორ თვეში ქარხანა სრულად ამუშავდებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com