ახალი ამბები

“ხალხი შიმშილით დაიხოცება” – რა ხდება აგარაში?

10 მარტი, 2018 • 5334
“ხალხი შიმშილით დაიხოცება” –  რა ხდება აგარაში?

აგარის მოსახლეობა კვლავ შაქრის ქარხნის ამუშავებას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ დაბაში სამუშაო ადგილებს სწორედ ეს ქარხანა ქმნიდა, მისი დახურვით კი – 500-მდე ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდეს, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში პირადად ჩაერთოს.

“6 თვეა, რაც წარმოება გააჩერეს. მიზეზი არის არაკონკურენტუნარიანობა, ამბობენ, რომ შემოდის უხარისხო შაქრარი და ჩვენი ქარხანა კონკურენციას ვეღარ უწევს.  ვიცით, რომ კონკურენტუნარიანი კი არა, ჩვენი შაქარი არის ეკოლოგიურად სუფთა და მაგარი პროდუქტი, მაგრამ აქ რაღაც სხვა ხდება… ეს ხალხი დაიხოცება შიმშლით, სიცივით, კომუნალურებია, აღსრულების მანქანები დადიან და ათასი პრობლემაა. დღეს ჩვენთვის ყველა წუთი და წამი მნიშვნელოვანია,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას ზაზა ალბორიშვილი, რომელიც აგარის შაქრის კომპანიის თანამშრომელი და ადგილობრივი პროფკავშირის თავმჯდომარეა.

აქციის მონაწილეებს ქარხნის შესასვლელთან კარავი აქვთ გაშლილი, გვეუბნებიან, რომ პროტესტის ნიშნად აქ ღამეს 20-30 ადამიანი ათენებს.

“უმუშევრები ვართ. ვიბრძვით, მაგრამ არაფერი გამოდის… აღარც მაღაზია გვენდობა და არაფერი. გვყავს ცოლ-შვილი, 6 შვილიშვილი მყავს და რა გავაკეთო?” – ამბობს ნეტგაზეთთან ტრისტან ჩუთელაშვილი, რომელიც კომპანიაში 22 წლის განმავლობაში მტვირთავი იყო.

“ბანკები ცალკე გვჭამს… ზოგს სახლი დაუყადაღეს, ზოგის სახლიდან ტელევიზორი წაიღეს და ხალხი გაჭირვებულია. ზოგს სახლში დედა ჰყავს პენსიონერი და იმ პენსიით გადის, ზოგი – თურქეთში წავიდა სამუშაოდ,”- გვეუბნება რომან თურმანიძე, რომელიც 30 წელი კომპანიაში ელექტრიკოსად მუშაობდა.

“ჩაკვდა აგარა, ეს  ერთი ქარხანა მუშაობდა და ესეც გაჩერდა. დაეხმარონ ხალხს. ჟანგბადს რომ გადაუკეტავენ ადამიანს, ასე მოხდა. ქარხანა რომ მუშაობს, ჩვენი ოჯახის წევრებიც მუშაობენ და საარსებო წყარო გვაქვს. ვეღარ ვგრძნობ, ჩვენ ხალხი ვართ თუ არა. რა ვქნათ? ყველა ხომ არ გავიქცევით, თბილისში ხომ არ დავსახლდებით, აგარაში ვიღაცამ ხომ უნდა იცხოვროვს? აგარის ქარხანა რომ დაარსდა, აქ ხალხიც მაშინ დასახლდა,”- უყვება ნეტგაზეთს ნატო ოსაძე, რომელიც ქარხანაში 35 წლის განმავლობაში მუშაობდა.

დარეჯან თეთვაძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ აგარაში სახნავ-სათესი ნაკვეთებიც არ არის, რომ მისი დამუშავება და ამით თავის რჩენა შეძლონ.

“აგარის მოსახლეობას სხვა არაფერი შემოსავალი არ აქვს, ნაკვეთებიც არ აქვთ, რომ დაამუშაონ და იმ მოსავლით გაიტანონ თავი, ერთადერთი შემოსავალი ქარხანა იყო, ისიც დაკეტილია, სხვანაირი შემოსავალი არავის აქვს. აქ მიწები რომც იყოს, სარწყავი არ არის,”- გვეუბნება დარეჯან თეთვაძე.

რკინიგზიელთა პროფკავშირის წარმომადგენლის, ვიტალი გიორგაძის თქმით, ის ესწრებოდა დამსაქმებლებთან პროფკავშრების წარმომადგენლების შეხვედრას. მისივე თქმით, მწარმოებლისთვის უფრო მომგებიანია, საზღვარგარეთიდან შემოტანოს მზა პროდუქტი, ვიდრე ადგილზე აწარმოოს.

მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ინვესტორებს გარკვეული ვალდებულებები ჰქონდეთ:

“როცა ინვესტორი შემოდის, მას გარკვეული ვალდებულებები უნდა ჰქონდეს აღებული, არავინ ეუბნება კომპანიას, რომ წაგებაზე იმუშაოს და არ დგას საკითხი ისე, რომ ეს პროდუქცია არ იყიდება ქართული ბაზარზე ან სხვაგან. ერთი გრამი შაქარი არ არის ქარხანაში, რაც ნაწარმოებია, ყველაფერი გაყიდულია. ინვესტორს არ აქვს სოციალური პასუხისმგებლობის განცდა და ის ცდილობს, უფრო ადვილი ხერხებით უფრო მეტი ფული იშოვოს,”- გვეუბნება ის.

ვიტალი გიორგაძე კომპანიას ასევე მოუწოდებს, რომ ფინანსური დოკუმენტაცია გაასაჯაროოს.

შპს აგარის შაქრის კომპანიის დირექტორი ალჰან ალიზადეა. ნეტგაზეთმა კომპანიას მისწერა კითხვები, თუ რა იყო ქარხნის დახურვის მიზეზები და რა შემთხვევაში განიხილავდნენ წარმოების აღდგენას. მათ პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი