“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” ასაკრძალად პარლამენტი სამუშო ჯგუფს ქმნის

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელიც ემზარ კვიციანის მიერ “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე” ინიცირებულ კანონპროექტს უფრო დახვეწს. ამის შესახებ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც აღნიშნული ინიციატივა განიხილეს.

კანონპროექტის მიხედვით, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” ხდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა. იდეის დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დარბაზში მსხდომმა წევრებმა ინიციატივას დღეს მხარი დაუჭირეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ რელიგიური ნიადაგზე ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება სამართლებრივად უნდა გაკონტროლდეს:

“ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება დაუშვებელია ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რასაც რელიგია და შინაგანი რწმენა ჰქვია. ამიტომ მე მხარს ვუჭერ იმას, რომ რაღაც ფორმით უნდა მოხდეს იმის დარგეულირება, რომ ადამიანებმა უბრალოდ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ და ეს იყოს კანონმდბელობით გათვალისწინებული”,- განაცხადა კილაძემ საკომიტეტო განხილვაზე.

იდეის დონეზე ინიციატივას მხარი დაუჭირა გედევან ფოფხაძემაც.

თუმცა დეპუტატებს კანონპროექტის ავტორ ზვიად ტომარაძესა და ემზარ კვიციანთან შეკითხვებიც ჰქონდათ ნორმის განჭვრეტადობასთან დაკავშირებით. როგორ უნდა განისაზღვროს, რა არის რელიგიური გრძნობები, მისი შეურაცხყოფა და ამ ყველაფრის შესაფასებელი ტესტი, ანუ ობიექტური კრიტერიუმი.

ზვიად ტომარაძემ კომიტეტის სხდომაზე დაადასტურა, რომ ეს ყველაფერი რთულად განსასაზღვრია და გარკვეულ რისკებს შეიცავს, თუმცა, მისივე თქმით, იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო კოდექსში არსებულ პატივისა და ღირსების შელახვის მუხლზე, რომელიც პრაქტიკაში მუშაობს. მას სოფო კილაძე არ დაეთანხმა და თქვა, რომ სამოქალაქო კოდექსს სხვა სტანდარტი აქვს, ხოლო სისხლის სამართალს და ნორმას, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს – სხვა.

“სასამართლომ არ იცის [რა არის ]შეურაცხმყოფელი სიტყვები? თუ საჭიროა, ჩამოვწეროთ ასეთი სიტყვები…”, – თქვა ემზარ კვიციანმა.

“რატომ ფიქრობთ, რომ ბოლს და ბოლოს მე, თქვენ გვეყოფა ნერვები, რომ ბოლომდე ვუსმინოთ და ვუყუროთ, როგორ გვილანაძღავენ უსაყვარლეს პატრიარქს, ეკლესია,ს როგორ ხატავენ ჩვენს წმინდანდებს, სირცხვილი არაა? მივიღოთ კანონი”, – ამბობს ემზარ კვიციანი, რომელმაც მანამდე “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” გამო მსოფლიოში მომხდარ ტერაქტებზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ თვალსაზრისით წესების დადგენა უსაფრთხოებასაც შეუწყობს ხელს.

კვიციანის ინფორმაციით, კანონპროექტში გარკვეული გამონაკლისის დაშვებას ითხოვს სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი.

“მე დამირეკა მეუფე სპიროდნმა. დიდხანს ვისაუბრეთ. აქვს შენიშვნები, რომელიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ეს არ უნდა ეხებოდეს, ქადაგების დროს რას იტყვის მამაო ან სხვა რელიგისს წარმომადგენელი. ქადაგების დროს არის ერთმანეთში ოპონირება, თუნდაც მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის, კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის. ეს არ უნდა ითვლებოდეს შეურაცხყოფად. ეს არის ჩეულებრივი… როცა ქადაგების დროს ქადაგებს მამაო, ეს არ არის შეურაცხყოფა, შეურაცხყოფა არის, როდესაც ჩვენს წმინდანებს, მეფეებს, უწმინდესსა და უნეტარესს როცა ლანძღვანენ. რა არის აქ გაუგებარი?”, – აცხადებს კვიციანი.

სოფო კილაძემ კანონპროექტი კომიტეტის წინაშე კენჭისყრაზე არ დააყენა და თქვა, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა ადამიანი, რელიგიური ჯგუფი შევა. მისი თქმით, პარლამენტმა უნდა მიიღოს ისეთი კანონი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო შემდეგ არ გააუქმებს. კილაძე ეჭვობს, რომ ამ კანონს მიღებიდან მალევე გაასაჩივრებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აკრძალვის კანონპროექტის მიღებას 2013 წლიდან მოყოლებული უკვე მესამედ ცდილობენ. წინა ორი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მიმდინარე წლის 20 მარტს გავრცელებული განცხადებით, რელიგიური გრძნობების დაცვის უზრუნველყოფა საპატრიარქომაც მოითხოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com