ახალი ამბები

რელიგიათა საბჭო ეწინააღმდეგება იდეას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის შესახებ

10 ივლისი, 2021 • 1024
რელიგიათა საბჭო ეწინააღმდეგება იდეას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის შესახებ

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო გმობს თბილისში, მიმდინარე კვირაში, ჰომოფობიური ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობას, მეორე მხრივ კი ეწინაღმდეგეა იდეას “რელიგიური გრძნობების შეურცხყოფის” ამკრძალავი კანონის შესახებ.

10 ივლისის განცხადებაში ვკითხულობთ:

“ჩვენ, რელიგიათა საბჭოში წარმოდგენილი რელიგიური გაერთიანებები, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას იმ მასობრივი ძალადობის გამო, რაც თბილისში, 5-6 ივლისს ვიხილეთ. ჰომოფობიური საბაბით, ასევე სიძულვილის სხვა გამოვლინების გამო, ნაცემია 50 – ზე მეტი ჟურნალისტი, ნაცემი არიან მოზარდები, ქალები, მძიმედ დაჭრეს უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამავდროულად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოხსნეს და დახიეს ევროკავშირის დროშა .

ჩვენც, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს, ხშირად, ბევრად თუ ნაკლებად, განგვიცდია შეუწყნარებლობა, სიძულვილი, დისკრიმინაცია, უფლებათა შეზღუდვა, შეურაცხყოფა, ძალადობა. ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის უფლებების დაცვის სურვილის გამო, რას ნიშნავს იყო დევნილი და შევიწროებული. ამიტომ, ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ მასობრივი ძალადობის შედეგად ყველა დაზარალებულს. ამგვარი რამ აღარასოდეს უნდა განმეორდეს. ძალადობა ანგრევს მშვიდობასა და თესავს ქაოსს.

ამავდროულად, 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე გაჟღერდა ინიციატივა ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის მიღების აუცილებლობის შესახებ. რელიგიათა საბჭოს წევრები, ვეწინააღმდეგებით ამგვარი კანონის მიღებას. მიგვაჩნია, რომ ასეთი კანონი, ამ კუთხით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება ჩვენი საზოგადოების განვითარებაზე.

რელიგიათა საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას რელიგიისა და მორალის სახელით მშვიდობიან ადამიანებზე ძალადობრივი თავდასხმებისა და შეურაცხყოფის გამო. მიგვაჩნია, რომ ძალადობის კულტივაცია დამღუპველია სახელმწიფოს, საზოგადოებისა და თითოეული ადამიანისთვის, მათ შორის – მოძალადისა და ძალადობის ინსპირატორისთვისაც”.

განცხადებას ხელს აწერენ: “სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო”; “ქართველ მუსლიმთა კავშირი”; “ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადამინისტრაცია”; “სახარების რწმენის ეკლესია”; “ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია”; “ევანგელურ–ლუთერული ეკლესია”; “ევანგელისტური ეკლესია”; “ევანგელურ- პროტესტანული ეკლესია”; ე”ვანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა”; “ხსნის არმია”; “ევანგელური ეკლესია “ურყევი საფუძველი”; “დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია”; “სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება”; “მეგობართა საზოგადება – კვაკერები”; “აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება”; “მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია”.

5 ივლისს, ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმების დაწყებიდან მალევე, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ თქვა, რომ სამომავლოდ მსგავსი პროცესების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, კანონში აისახოს “რელიგიური და ერობრივ გრძნობების” შეურაცხყოფის ცნება.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია თბილისში

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მეორე დღეს, 6 ივლისს, თბილისის ცენტრში შეიკრიბა ათასობით მოქალაქე, რომელთაც დაგმეს სიძულვილი და ჰომოფობია. ძალადობრივი ჯგუფები ამ დღესაც მობილიზდნენ ქუჩებში, თავს დაესხნენ რამდენიმე ადამიანს და არაერთგზის სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.

ამ დროისთვის, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პატიმრობა აქვს შეფარდებული 15 ადამიანს. მათ შორის 12-ს ჟურნალისტებზე თავდასხმას ედავებიან, 3-ს კი – “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრას.

მასალების გადაბეჭდვის წესი