ახალი ამბები

საპატრიარქო რუსთავი 2-სა და პრეზერვატივ “აიისაზე” რეაგირებას ითხოვს

20 მარტი, 2018 • 6489
საპატრიარქო რუსთავი 2-სა და პრეზერვატივ “აიისაზე” რეაგირებას ითხოვს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო “ღვთის გმობის გამოვლინებებს” უწოდებს პრეზერვატივის კომპანია “აიისას”. ასევე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ 18 მარტს იესო ქრისტესა და ბიძინა ივანიშვილის ხეებზე ხუმრობას.

გაბუნიამ თქვა, რომ იესო ქრისტე თანამედროვე აჭარაში რომ დაბადებულიყო, მას ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, რადგან ჯვრის დასამზადებელი ყველა ხე ივანიშვილის ბაღში იქნებოდა გადარგული. რაც შეეხება პრეზერვატივის მწარმოებელ კომპანიას, “აიისა” უშვებს პრეზერვატივებს “ქართლის დედის”, თამარ მეფის, ასევე, სხვადასხვა პერსონაჟის გამოსახულებით.

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ამას მოჰყვა მკვეთრი რეაგირება “ქართული მარშისა” და სასულიერო პირთა მხრიდან.

“ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ძალადობრივ ქმედებებს. ამასთან,  მკვეთრ  რეაგირებას ვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ მორწმუნეთ (იქნება ეს ქრისტიანი, მუსლიმი, იუდეველი თუ სხვა) უსამართლობისა და დაუცველობის განცდა მოეხსნათ.

გამოხატვის თავისუფლება, წარმოადგენს ფასეულობას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა განუყოფლადაა დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან და სხვისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვასთან”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქო მოუწოდებს ყველას, რათა დროულად უზრუნველყოს “რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა”.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გაბუნიას განცხადება იესოსა და ივანიშვილის შესახებ, ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

ჯერ კიდევ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს გაუჩნდა ინიციატივა, რომ “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” ცნება კანონში ჩაწერილიყო და ამისთვის სასჯელი დაწესებულიყო. მაშინდელმა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა თქვა, რომ მსგავსი კანონის მიღება საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას. კანონპროექტი მაშინ უარყოფითად შეაფასა საერთაშორისო უფლებათაცვითმა ორგანიზაცია Amnesty International-მა. ორგანიზაციის განცხადებით, ჯაჭვლიანის ინიციატივა ძირს უთხრიდა სიტყვის თავისუფლებას. საბოლოოდ, ხელისუფლებას აღნიშნული კანონი არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი