ახალი ამბები

სტომატოლოგთა ნაწილი აივ-დადებით პირებს უარს ეუბნება მომსახურებაზე – ანგარიში

21 აპრილი, 2018 • 2493
სტომატოლოგთა ნაწილი აივ-დადებით პირებს უარს ეუბნება მომსახურებაზე – ანგარიში

ადამიანის უფლებების შესახებ გამოქვეყნებულ 2017 წლის ანგარიშში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში აივ/შიდსით ინფიცირებულთა პრობლემებზეც საუბრობს.

“აივ/შიდსით ინფიცირებულთა წინააღმდეგ მიმართული სტიგმა და დისკრიმინაცია ქმნის მთავარ ბარიერს აივ/შიდსის პრევენციისა და სერვისით სარგებლობის მიმართულებით. უარყოფითი სოციალური დამოკიდებულება და დაბალი საზოგადოებრივი ცნობიერება კვლავ დაბრკოლებად რჩება”, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში არასამთავრობოებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ სოციალური სტიგმის გამო ადამიანები თავიდან ირიდებენ აივ-ტესტირებასა და მკურნალობას.

“ჯანდაცვის სერვისის ზოგი მომწოდებელი, განსაკუთრებით სტომატოლოგები, უარს აცხადებენ მოემსახურონ აივ-დადებით პირებს. ადამიანები ხშირად მალავენ თავიანთ აივ-სტატუსს თანამშრომლებისგან, რადგან ეშინიათ სამსახურის დაკარგვის”, – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

მეტი აივ/შიდსის შესახებ

აივ ნიშნავს ადამიანის იმუნიდეფიციტის ვირუსს, შიდსი კი არის აივ ინფექციით გამოწვეული მდგომარეობა.  აღნიშნული ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს დაუცველი სექსუალური კავშირით, სისხლით, ასევე დედიდან შვილზე (მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში).

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ აივ დროთა განმავლობაში აზიანებს ადამიანის იმუნურ უჯრედებს და ასუსტებს მას. თუმცა, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ხელმისაწვდომია თანამედროვე პრეპარატები, რომლის წყალობითაც აივ/შიდსი უკვე წლებია, არ არის მომაკვდინებელი. ის მართვად, ქრონიკულ მდგომარეობად გადაიქცა. თუ ადამიანები დროულად იწყებენ მკურნალობას, ვირუსის რაოდენობა სისხლში იკლებს და ნულს უტოლდება, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა უმჯობესდება და აივ-დადებითი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა უტოლდება არაინფიცირებულის ხანგრძლივობას.

მკურნალობის შემთხვევაში, ინფიცირებულიდან არაინფიცირებულზე ვირუსის გადაცემის შანსი უკიდურესად დაბალია. აივ/შიდსით ინფიცირებულებს შეუძლიათ გააჩინონ სრულიად ჯანმრთელი შვილები, რომლებიც არ იქნებიან ვირუსის მატარებელი. აივ/შიდსის ტესტირება და მკურნალობა საქართველოში უფასოა და მას სახელმწიფოსთან ერთად, გლობალური ფონდიც აფინანსებს.

შიდსის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ოფიციალურად 6 500-ზე მეტი აივ-ინფიცირებულია რეგისტრირებული, თუმცა იმის გამო, რომ ადამიანთა ნაწილი ტესტირებას თავს არიდებს, ვარაუოდობენ, რომ ეს რიცხვი, მინიმუმ, ორჯერ მეტია. შეიძლება, წლები ისე გავიდეს, რომ აივ-მა ადამიანის ორგანიზმში უსიმპტომოდ წლები დაჰყოს, სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა დროულ ტესტირებას და, შესაბამისად, დროულ მკურნალობას.

უფასო ტესტირებისთვის მიმართეთ შიდსის ცენტრს მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16 (ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია). ტელ: (+995 32) 2 39 80 18

ნეტგაზეთის არქივიდან:

შიდსის სტაბილურად მზარდი სტატისტიკა და ჯერაც დაუძლეველი სტიგმები

http://blogs.netgazeti.ge/2017/10/18/3-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%98%E1%83%95-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9C/

მასალების გადაბეჭდვის წესი