თბილისი აფხაზებსა და ოსებს ე.წ. პირადი ნომრის მინიჭებას სთავაზობს

საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია აფხაზებისა და ოსების მიმართ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების ამსახველი საკანონმდებლო ცვლილებები. მათ შორისაა ე.წ. პირადი ნომრის მინიჭების საკითხი.

ცვლილება საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში უნდა შევიდეს.

კანონპროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს, როგორც ინიციატორები აცხადებენ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში “ლეგიტიმურად მცხოვრებთათვის საქართველოს სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გაფართოება და გამარტივებაა”.

“აღნიშნული გულისხმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა იდენტიფიკაციის ახალ გამარტივებულ შესაძლებლობას პირადი ნომრით რეგისტრაციის გზით.

ზემოხსენებული პირების იდენტიფიცირების, რეგისტრაციისა და მათთვის სხვადასხვა მომსახურების გაწევის მიზნით, დაინერგება ისეთი პროცესი, რომლის შედეგიც იქნება სსიპ- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფიქსირება, პირადი ნომრის მინიჭება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის პირზე პირადი ნომრის შესახებ ცნობის გაცემა”.

აქამდე არსებული რეგულაციისა და პრაქტიკისგან განსხვავებით, პირადი ნომრით რეგისტრირებულ პირს შესაძლებლობა ექნება, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ნეიტრალური მოწმობის ან სხვა დოკუმენტის წარდგენის გარეშეც, ან არსებული დოკუმენტებით მიმართვის შემთხვევაშიც, უფრო გამარტივებულად ისარგებლოს მთელი რიგი სახელმწიფო სერვისებით

პირადი ნომრით რეგისტრაცია, როგორც ინიცირებულ კანონპროექტშია განმარტებული, არ გულისხმობს პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას.

“შესაბამისად, პირადი ნომრით რეგისტრაცია არ წარმოშობს მოქალაქეობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს თუ უფლებებს. ეს მექანიზმი ემსახურება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირის იდენტიფიცირების და რეგისტრაციის ამოცანას და პირადი ნომრის მქონე პირებისთვის ქმნის შესაძლებლობას ისეთ სერვისებზე წვდომისა, როგორიც არის, მაგალითად: მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია და ეკონომიკური საქმიანობის წარმოება; გრანტის მიღება; საბანკო სერვისებით სარგებლობა; ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია; სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიღება; უმაღლესი განათლების მიღება; პროფესიული გადამზადების პროგრამებში მონაწილეობა; გარკვეულ სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა და სხვა”.

კანონპროექტის ავტორია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი