რას სთავაზობს თბილისი აფხაზებსა და ოსებს

ახალი სამშვიდობო ინიციატივების შესახებ, რომლებსაც ქართული მხარე აფხაზებსა და ოსებს სთავაზობს, დღეს, 4 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელშვილმა ისაუბრეს.

სამშვიდობო ინიციატივების  საკანონმდებლო  ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა განსახილველად პარლამენტს წარუდგენს, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს:

გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით.

ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება. 

წარმოგიდგენთ ვრცელი დოკუმენტის რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილს:

ახალი სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობები

“აქამდე არსებული რეგულაციისა და პრაქტიკისგან განსხვავებით, პირადი ნომრით რეგისტრირებულ პირს შესაძლებლობა ექნება, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ნეიტრალური მოწმობის ან სხვა დოკუმენტის წარდგენის გარეშეც, ან/და მის ხელთ არსებული, იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესის დროს გამოყენებული დოკუმენტებით მიმართვის შემთხვევაშიც, გამარტივებულად ისარგებლოს მთელი რიგი სერვისებით, როგორიცაა:  მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია და ეკონომიკური საქმიანობის წარმოება;  გადამხდელად რეგისტრაცია (საგადასახადო შეღავათებით);  გრანტის მიღება;  საბანკო სერვისებით სარგებლობა;  ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია;  სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიღება;  უმაღლესი განათლების მიღება;  პროფესიული გადამზადების პროგრამებში მონაწილეობა;  გარკვეულ სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა”.

სპეციალური ეკონომიკური სივრცე

სპეციალური ეკონომიკური სივრცე წარმოადგენს გეოგრაფიულ არეალს, რომელიც გავრცელდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამყოფი ხაზების გასწვრივ, მათ შორის, აფხაზეთის მიმართულებით, სოფელი რუხის ტერიტორიაზე, სადაც დღეისათვის ენგურის ხიდი, ფაქტობრივად, ერთადერთი მოქმედი გადასასვლელი პუნქტია.

ასეთივე სივრცის მოწყობა და ინფრასტრუქტურის განვითარება შესაძლებელია გამყოფი ხაზების გასწვრივ სხვა მონაკვეთებზეც (მაგ. სოფ. ხურჩა) და ასევე, ცხინვალის მიმართულებით, სოფელ ერგნეთთან, გადაადგილების უზრუნველყოფის შემთხვევაში. გასათვალისწინებელია, რომ დღეისათვის, ფაქტობრივად, ერთადერთი გადასასვლელი პუნქტი ახალგორის მიმართულებით ფუნქციონირებს.

მის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება საჯარო მომსახურების სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლობა, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოები; განთავსდება საქართველოში კომერციული ბანკ(ებ)ის წარმომადგენლობა, იფუნქციონირებენ ვალუტის სწრაფი კონვერტირების პუნქტები, საფოსტო დაწესებულება და სანოტარო სამსახური, ასევე- საინფორმაციო, საკონსულტაციო, ინოვაციების და ტრენინგცენტრები.

მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირება

მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, რეგისტრაციის იურიდიულ მისამართად მიუთითონ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია, მაგალითად, ზემოხსენებული სპეციალური ეკონომიკური სივრცის იურიდიული მისამართი (სოფელი რუხი), რაც საშუალებას მისცემთ, ჩაერთონ საქართველოს საექსპორტო ოპერაციებსა და სხვა ეკონომიკურ საქმიანობაში. მეწარმე სუბიექტად გამარტივებული რეგისტრაციისთვის შემუშავებულ სპეციალურ ფორმაში, ასევე, მითითებული იქნება ფიზიკური/იურიდიული პირის ფაქტობრივი მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საქმიანობის აღწერილობა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წარმოშობილი პროდუქცია საექსპორტო ბაზარზე გავა როგორც საქართველოში წარმოშობილი პროდუქტი.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მოქმედ საწარმოებს, რომლებსაც ექნებათ საკუთარი პროდუქციის ევროკავშირის წევრ ან სხვა სახელმწიფოებში ექსპორტის სურვილი, ამ ინიციატივის ფარგლებში, შესაძლებელია, დახმარება გაეწიოთ ევროსტანდარტების დანერგვასა და პროდუქციის მოთხოვნილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.

აგრარული ბაზარი

აგრარული ბაზარი შესაძლებელია განთავსდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ. მისი მთავარი დანიშნულება იქნება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პირთათვის ბაზარზე წვდომის გამარტივება და, შესაბამისად, მეტი სარგებლის მიღების წახალისება. ბაზრის ბენეფიციარები ძირითადად იქნებიან წვრილი მოვაჭრეები. ბიზნესინკუბატორი – ბიზნესიდეების წახალისება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 12 აღნიშნული ბაზარი იქნება მცირე მასშტაბის სავაჭრო სივრცე, რომელშიც მოეწყობა მოწესრიგებული სპეციალური სავაჭრო ინფრასტრუქტურა (საწყობი საბითუმო ვაჭრობისთვის, მშრალი და სამაცივრო საწყობი).

ავტონაწილებისა და ავტომობილების ბაზრობა

ავტონაწილებისა და ავტომობილების ბაზრობა მოეწყობა რუხის სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს, რომელიც მოიცავს:  ავტონაწილების პავილიონს;  სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ავტომობილების სადგომს;  ავტომობილების სარეგისტრაციო სივრცეს (განთავსდება მომსახურების ერთიან ცენტრში). ასეთი ბაზრობის მოწყობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას მისცემს შემოსავლიანი ბიზნესის წარმოების საშუალებას, მათ შორის, ავტო-საიმპორტო საქმიანობის მიმართულებითაც, რაც გავლენას იქონიებს ადგილობრივთა ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირები შეძლებენ, ადგილზე წარმოებული პროდუქცია შემოიტანონ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თანმხლები დოკუმენტების (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შექმნილ დოკუმენტში მითითებული მონაცემი) და, შემოწმების საჭიროების შემთხვევაში, საქონლის დათვალიერების საფუძველზე.

პროდუქციას, ასევე, თან უნდა ახლდეს/უნდა ჰქონდეს საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა და, საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა დოკუმენტები (რომლებიც გამოიწერება საქართველოს საგადახადო ორგანოს მიერ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და მუშავდება ელექტრონულად).

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წარმოებული პროდუქცია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე (სავაჭრო ქსელებში) შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს სტატუს- ნეიტრალური მარკირების გამოყენებით. კერძოდ, პროდუქციაზე საკმარისია განთავსდეს მწარმოებლის სახელი, წარმოების ქალაქი ან დასახლება (მაგალითად, სოხუმი, გაგრა და ა.შ.) ან/და მისამართი (ქუჩის და ნომრის მინიშნებით).

საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციაზე განთავსდება შესაბამისი შტრიხკოდი, რომელიც პროდუქციას მიენიჭება შესაბამისი შემცველობის მიხედვით. პროდუქციის დასახელება და მასზე განთავსებული სხვა სახის ინფორმაცია შესაძლებელია დატანილ იქნას აფხაზურ ენაზეც.

საქონლის ექსპორტი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წარმოშობილი საქონლის ექსპორტი შესაძლებელია საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით, საქართველოს წარმოშობის სერტიფიკატის თანხლებით და პროდუქტის სათანადო მარკირებით (მაგ. მეწარმის რეგისტრაციის ადგილის მითითებით).

საქონლის დეკლარირება განხორციელდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგისტრირებული სპეციალური ან ჩვეულებრივი გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ. საქონელზე წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა, დეკლარირება, შემოწმება, ექსპორტში გაშვებასთან დაკავშირებული პროცედურები განხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

განათლების სისტემაში ჩართვის შესაძლებლობების განვითარება და გამარტივება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობისა და ნეიტრალური დოკუმენტების არმქონე პირებსაც შეეძლებათ სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ინდივიდუალური ნომრის საფუძველზე ჩართვა.

კერძოდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირებისთვის, სახელმწიფო სერვისებზე წვდომის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, ამოქმედდება ახალი, ე.წ. ,,ინდივიდუალური ნომრის“ (შემდგომში – პირადი ნომერი) სტატუს-ნეიტრალური მექანიზმი. პირის ვინაობის იდენტიფიცირება მოხდება მისი ბიომეტრიული მონაცემების (ბიომეტრიული ფოტო) და ხელთ არსებული დოკუმენტების განხილვის საფუძველზე, რის შემდგომაც მას მიენიჭება პირადი ნომერი, რომელიც დაცული იქნება შესაბამის ელექტრონულ სისტემაში და ბიომეტრიულ მონაცემთან ერთად შემდგომში, სხვადასხვა მომსახურების მიღებისას, გახდება პირის იდენტიფიცირების საფუძველი.


აღნიშნულ რეგიონებში სკოლადამთავრებულ და სწავლის გაგრძელების მსურველ ნებისმიერ პირს გაუმარტივდება საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვა.

კვოტა და სახელმწიფო გრანტი

1. კვოტა და სახელმწიფო გრანტი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას ნებისმიერ პირს, რომელსაც სურვილი და მზაობა აქვს ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები, პირდაპირ განაგრძოს სწავლა ოთხწლიანი ბაკალავრიატის საფეხურზე ან შესაბამის პროფესიულ სასწავლებელში, კვლავ ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს სახელმწიფო გრანტით (წელიწადში 150 სტუდენტისთვის გამოყოფილი კვოტის პირობებში).

ერთიანი ეროვნული გამოცდები

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება რუსულ ენაზე და აფხაზურ/ოსურ ენაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ 1+4 სისტემისა და მისი თანმდევი ქართულ ენაში მოსამზადებელი ერთწლიანი პროგრამის ნაცვლად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გზით, პირდაპირ განაგრძონ სწავლა ოთხწლიანი უმაღლესი განათლების საბაკალავრო საფეხურზე, შესაძლებლობა ექნებათ სურვილის შემთხვევაში ერთიან ეროვნულ გამოცდების ფარგლებში მშობლიური ენა ჩააბარონ აფხაზურ/ოსურ ენაზე, ხოლო დანარჩენი საგნები – რუსულ ენაზე.

ტესტები

3. უნარების ტესტის ნაცვლად, აფხაზური და ოსური ენის ტესტი 1+4 პროგრამაზე. გარდა ამისა, გამარტივდება 1+4 სისტემით მოხვედრა აფხაზური და ოსურენოვანი აბიტურიენტებისათვის. კერძოდ, სათანადო ცვლილებები ხორციელდება საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“, რის შედეგადაც 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აფხაზურ და ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ნაცვლად, რომლის ჩაბარება სპეციფიკური ტერმინების გამო მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს, შესაძლებელი იქნება აფხაზური/ოსური ენის გამოცდის ჩაბარება.

4. სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების ცენტრი ნებისმიერი მსურველისათვის

5. მოსამზადებელი ცენტრის კურსდამთავრებულთათვის სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებლებში

პროფესიული განათლება

6. პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში ვერ დააგროვებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისათვის საჭირო ქულებს, ან მოსამზადებელ ცენტრში კურსის გავლის შემდგომ, ტესტირების შედეგებით ვერ დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გამგრძელებლისათვის, ხელმისაწვდომი იქნება პროფესიული განათლების მიღება და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვა.

განთავსება და სტუდენტური საცხოვრებელი

7. განთავსება და სტუდენტური საცხოვრებელი საქართველოს მთავრობა აანაზღაურებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა სწავლის საფასურს, თუმცა ამ რეგიონებიდან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული პირებისთვის, გარკვეულ შემთხვევებში, პრობლემას წარმოადგენს განთავსების ხარჯების დაფარვა – საცხოვრებელი ფართის ქირის გადახდა. საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება ამგვარი თხოვნით შემოსული განაცხადების განხილვა და განთავსების ხარჯების გარკვეულწილად დაფინანსება. ამასთან, საქართველოს მთავრობა მუშაობს სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობისა და უზრუნველყოფის მიმართულებით.

ამასთან, საქართველოს მთავრობა მუშაობს სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობისა და უზრუნველყოფის მიმართულებით. ამგვარი კამპუსების მშენებლობა დაგეგმილია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და ახალციხეში.

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისათვის შესაბამისი მექანიზმებისა და პროცედურების შექმნა/გამარტივება; სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი