ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების გასაფორმებლად ჩინეთის დელეგაცია ჩამოვა

ჩინეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების გასაფორმებლად ივნისში თბილისში ჩინეთის დელეგაცია ჩამოვა, – ამ საკითხზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრი  ლი სიაოპინი პეკინში შეხვედრისას შეთანხმდნენ.

გარდა ამისა, ჩინეთი საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო კონტეინერების მოსაზიდად ფინანსური დახმარების გაწევის საკითხს განიხილავს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩინეთი მზადაა, ხელი შეუწყოს საქართველოს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ე.წ. „შუა დერეფნის“ განვითარებას და აღნიშნული სარკინიგზო დერეფნის მეტად დატვირთვას.

აღნიშნული განცხადება მოჰყვა ქართული მხარის ინტერესს იმის შესახებ, რომ ჩინეთში ე.წ. შუა დერეფნის“ პოპულარიზების მიზნით, საქართველოს ორგანიზებით, „როუდ შოუები“ მოეწყოს. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია ჩინეთის ადგილობრივი პროვინციების სამთავრობო სექტორის ფინანსური და ორგანიზაციული კუთხით მხარდაჭერა.

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი 2-დღიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, რომლის დროსაც უკვე შეხვდა ჩინეთის კომერციის მინისტრსა და განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელობას. ასევე, აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს.

ვიზიტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის, „Alibaba“-ს შვილობილმა კომპანიამ – „Fliggy Corporate“  ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.

“მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს დამატებას მათ პლატფორმაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დამატებითი ტურისტული ნაკადების შემოსვლას. აღნიშნული პორტალის მომხმარებელთა ძირითადი სეგმენტია 35 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც, ტრადიციულად, აქტიურად მოგზაურობენ და ამდენად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული მემორანდუმი იქნება საწინდარი იმისა, რომ ტურისტების დამატებითი ნაკადები იქნას შემოყვანილი საქართველოში ამ პლატფორმის მეშვეობით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერზიშვილმა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი