გაჩერებებს შესაძლოა სახელები ეწოდოს და ავტობუსებში გამოცხადდეს

თბილისის მასშტაბით ავტობუსებში შესაძლოა გაჩერებების დასახელებები გამოცხადდეს. ინიციატივა ამის შესახებ თბილისის საკრებულოს  სახელდების და სიმბოლიკის კომისიას ეკუთვნის.

როგორც “ნეტგაზეთს” კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განუცხადა,  ამჟამად საპილოტე პროექტის ფარგლებში კომისია მუშაობს  61 ნომერი ავტობუსის მარშრუტში შემავალი გაჩერებების სახელდებაზე:

“დღეს გავიტანეთ საკითხები ჩვენი კომისიის სხდომაზე. გვაქვს გეგმა, რომ ავტობუსებში გაჩერებები გმაოცხადდეს ისე, როგორც მეტროსადგურებში. ყველა გაჩერებას აქვს ინდექსი, თუმცა თბილისის მასშტაბით ყველა მათგანს სახელი არ გააჩნია და ეს დასახვეწია.

საპილოტედ ავიღეთ 61 ნომერი ავტობუსი, რომელიც უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება და წრიულად მოძრაობს. აღნიშნულ მარშრუტზე გაჩერებების სახელდებაზე ვისმჯელეთ, თუმცა საკითხი ჯერ არც საჯარო განხილვაზე და არც საკრებულოს სხდომაზე გასულა” – ამბობს ნიბლოშვილი.

მისი თქმით, წინა მოწვევის საკრებულომ ამ მარშრუტზე გაჩერებების სახელდებაზე უკვე იმუშავა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე გაჩერება დაემატა, ზოგი კი გაუქმდა, საკითხს კომისია ხელახლა სწავლობს.

თბილისის საკრებულოს  სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თქმით, გაჩერებების სახელდება გეორგრაფიული ობიექტების მიხედვით მოხდება და გაჩერებებს იმ გეოგრაფიული ობიექტების მიხედვით დაერქმევა სახელი, რომელთა სიახლოვესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება.

“სახელები დაერქმევა იმ სახელწოდებების მიხედვით, რაც არის საზოგადოებაში გამჯდარი, ნაცნობი და მიღებული.  ავტობუსების გაჩერებების სახელდების შემდეგ, კი ვფიქრობთ, რომ გაჩერებების დასახელების გამოცხადება დაიწყოს. ეს იქნება ძალიან კომფორტული ტურისტებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, შშმ პირებისთვის. გაჩერებების გმაოცხადების აღნიშნული პრაქტიკა არაერთ ქვეყანაშია დამკვიდრებული,” – ამბობს თინათინ ნიბლოშვილი.

ნიბლოშვილის თქმით, 61 ნომერი ავტობუსი შედარებით პატარა მარშრუტის გამო შეირჩა:

“საპილოტედ ვამჯობინეთ, მცირე მოცულობა შეგვერჩია და ისეთი ცენტრალური ქუჩები, რომელსაც ეს მარშრუტი გადის”  – ამბობს საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.