თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსების სამოძრაო მარშრუტების რაოდენობა გაიზრდება. კალაძის ინფორმაციით, უკვე შესყიდულია 160 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელთაგან 50 უკვე ქალაქშია. დანარჩენების შემოყვანა კი ეტაპობრივად მიმდინარეობს.
“ჩვენ დავიწყეთ კონკრეტულ ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად შევარჩიეთ 4 ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო დატვირთვა, პირველ რიგში, ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა. გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებებზე გავუშვათ კონკრეტული ავტობუსები.
2 მარტიდან ვიწყებთ უკვე სხვადასხვა ხაზებზე ეტაპობრივად გავუშვათ ის 18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც უკვე შემოსულია და სრულად აღჭურვილია”, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
იმ ოთხი მიმართულების ზუსტი მარშრუტი, რომლებიც, კალაძის ინფორმაციით, ყველაზე დატვირთულია, მერიამ ჯერ კიდევ ნოემბერში გამოაქვეყნა. ამჟამად აღნიშნული მარშრუტებიდან 18-მეტრიანი ავტობუსი მხოლოდ ერთზე – დიდი დიღმიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე (#302) მოძრაობს. “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში უთხრეს, რომ 2 მარტიდან ავტობუსები იმოძრავებენ დანარჩენ სამ მიმართულებაზეც და შესაძლოა, კიდევ სხვა მარშრიტებიც დაემატოს.
ეს ოთხი მარშრუტია:
- N301 — მოძრაობს პოლიტკოვსკაიას ქუჩასა და ქვედა მელითონეთა დასახლებას შორის. გაივლის 63 გაჩერებას.
- N302 — მოძრაობს დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს შორის. გაივლის 49 გაჩერებას.
- N308 — მოძრაობს გლდანის ტბასა და ბარათაშვილის ძეგლს შორის. გაივლის 47 გაჩერებას.
- N314 — მოძრაობს დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონსა და ბარათაშვილის ძეგლს შორის. გაივლის 47 გაჩერებას.
კალაძის თქმით, თბილისში 200 18-მეტრიანი ავტობუსის საჭიროებაა, თუმცა, ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, თავდაპირველად მხოლოდ 160 ცალის შესყიდვა გადაწყდა. თუმცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ შეთანხმდნენ დამატებით 40 ავტობუსის შესყიდვაზე.