შსს–მ თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელთან, თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს აცხადებს, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი – თამაზ ელიზბარაშვილი თავის თანამშრომელ ბ.ე-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

თამაზ ელიზბარაშვილის ცოლის მიერ გადაღებული ფეისბუკის პირდაპირი ეთერით საზოგადოებამ იხილა, თუ როგორ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას თავშესაფრის მფლობელი მის თანამშრომლებს, რომლებმაც მაკრატელი არ მიიტანეს ადგილზე ჯაჭვით დაბმული ძაღლის გასათავისუფლებლად.

კადრებში ჩანს, რომ ელიზბარაშვილი ერთ-ერთ მათგანს თავში ხელს ურტყამს. საათნახევრიანი ფეისბუკ-ლაივიდან ეს ნაწილი მოიჭრა და ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

თამაზ ელიზბარაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ძაღლების თავშესაფარს ხურავს და საქართველოდან წასვლას აპირებს. ბიზნესმენის თქმით, კეთილი საქმისთვის მადლობა არავინ გადაუხდა, დღეს კი მთელი ქვეყანა უშვერი სიტყვებით ლანძღავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com