ახალი ამბები

ელიზბარაშვილის თქმით, პრობლემების გამო ძაღლების თავშესაფარს გააჩუქებს

8 სექტემბერი, 2020 • 3872
ელიზბარაშვილის თქმით, პრობლემების გამო ძაღლების თავშესაფარს გააჩუქებს

თბილისში მდებარე მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარსაფრის ხელმძღვანელის, თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, პანდემიის ფონზე ის თავშესაფრის ფინანსურ ხარჯებს ვეღარ ფარავს, რის გამოც იძულებულია, თავშესაფრის ტერიტორია და იქ მყოფი ცხოველები გააჩუქოს.

როგორც ელიზბარაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, მან თავშესაფარი 17 წლის წინ შექმნა და მას შემდეგ სხვადასხვა დროს 30 000-მდე ძაღლს უვლიდა, რაც თვეში, საშუალოდ, 20 000 ლარი ჯდება. როგორც ამბობს, ბოლო რამდენიმე თვეა, ის აღნიშნული ხარჯების დაფარვას ვეღარ ახერხებს.

ამ დროისთვის თავშესაფარში 249 ძაღლი და 4 მურა დათვია. ელიზბარაშვილის თქმით, პანდემიის დაწყების შემდეგ ის იძულებული გახდა ცხოველებისთვის საკვების მიწოდება შეემცირებინა და დღეში ორჯერ კვებიდან, ორ დღეში ერთხელ კვებაზე გადაეყვანა.

“ამ პერიოდის განამვლობაში თავშესაფრის ყველა ფინანსურ ხარჯს მარტო ვიხდიდი, რაც ცოტა თანხა არაა, შემეძლო აქამდე და ვაკეთებდი. ახლა ვეღარ ვახერხებ და ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, თავშესაფრის გაჩუქებაა. იმ შემთხვევაში, თუ არავინ არ იჩუქებს თავშესაფარს, ცხოველები დაიხოცებიან შიმშილით. მათ გარეთ გაშვებასაც ვერ შევძლებ, რადგან უმეტესობა ისეთი ძაღლია, რომ ქუჩაში მათი ყოფნა არ შეიძლება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ელიზბარაშვილმა.

ელიზბარაშვილის თქმით, გაჩუქებისას აუცილებელი პირობაა, რომ ადამიანი, რომელიც თავშესაფარზე პასუხისმგებლობას აიღებს, ვალდებული იქნება, თავშესაფრის ბინადარ ცხოველებს 10 წლის განმავლობაში მოუაროს.

თავშესაფარი თბილისში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის 9 ნომერში მდებარეობს. ელიზბარაშვილის თქმით, თავშესაფარი 2 500 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, შენობისა და მიწის საერთო ღირებულება კი 1 350 000 ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი