ჭიჭინაძე: პარლამენტის თავმჯდომარე, მე მგონი, ჩვენი უფროსი არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით,  პარლამენტის თავმჯდომარე მათი უფროსი არაა და არ გამორიცხავს, მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დადგეს:

როგორც დავით ჭიჭინაძე ამბობს, მისთვის მიუღებელია ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადებები და მიიჩნევს, რომ ის პრემიერ-მინისტრის სულისკვეთებას უპირისპირდება:

“პარლამენტის თავმჯდომარე, მე მგონი, არ არის ჩვენი უფროსი. ის არის ჩვენ მიერ არჩეული ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ვენდობოდით. ჩემთვის ძალიან მიუღებელი გახდა მისი ბოლოდროინდელი განცხადებები. თუნდაც, იგივე ჩვენს კოლეგაზე, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი ტონით მოიხსენიებს გედი ფოფხაძეს. გედი ფოფხაძეს საკმაოდ დიდი დამსახურება მიუძღვის “ქართულ ოცნებაში” და ამიტომ ვამბობ. იმ ადამიანებმა, ვინც გედი ფოფძაძის მიმართ რაღაცა ბრალდებებს ასახელებენ – ჯობია პირში წყალი გამოივლონ” – ამბობს დეპუტატი “ტელეკომპანია” რუსთავი-2-ისთვის მიცემულ კომენტარში.

ჟურნალისტის კითხვაზე, დააყენებს თუ არა დეპუტატი კობახიძის გათავისუფლების საკითს, ჭიჭინაძე პასუხობს, რომ გამორიცხული არაფერი არაა:

თუ ეს საკითხი დროულად არ გაჩერდება, გამორიცხული არაფერია. რა თქმა უნდა, როდესაც წარმოიქმნება რაღაც კრიზისი პარლამენტში და ვინც ამას იწვევს, მის მიმართ გაჩნდება კითხვები” – ამბობს დეპუტატი. 

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა.

მანამდე, 4 აპრილს, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდში არჩევა დაასახელა.  

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე აირჩია. მას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 12 წავიდა.

გედევან ფოფხაძის განცხადებას თან მოჰყვა რამდენიმე პარლამენტარის ბოდიში, რომელთაც ჯერ ხმა მისცეს ნინია კაკაბაძეს, შემდგომ კი პატიება ითხოვეს, მათ შორის არიან: მარიამ ჯაში და თამაზ ნავერიანი. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.