ომბუდსმენი: მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს

საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

ანგარიშში საუბარია, რომ ევროსასამართლომ მერაბიშვილის მიმართ დაადგინა კონვენციით აკრძალული მიზნებით განპირობებული თავისუფლების და უსაფრთხოების უფლების უხეში დარღვევა, რომლის აღდგენის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეფექტიანი ღონისძიებები ჯერ კიდევ გასატარებელი აქვს.  ომბუდსმენი ასევე ამბობს, რომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა პირის თავისუფლებაში უხეში ჩარევით ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში იშვიათი პრეცედენტია.

“მსგავს იშვიათ შემთხვევებს სახელმწიფოები, უმეტესწილად, ისეთი შიდა ღონისძიებებით პასუხობენ, რომლებიც პირის პატიმრობიდან გათავისუფლებას გულისხმობს,”- აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის მიმართ ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიება სასამართლოს გადაწყვეტილების სრულფასოვნად და დროულად აღსასრულებლად, როგორც ამას ევროპული კონვენცია მოითხოვს.

IDFI-ის სტატიაში, სადაც სახელმწიფოს მიერ კონვენციის მეთვრამეტე მუხლის დარღვევის სხვა საქმეები არის მიმოხილული, საუბარია, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღო მინისტრთა საბჭომ:

“მინისტრთა კომიტეტმა 2013 წელს მიუთითა, რომ ის მიესალმება უკრაინის პრეზიდენტის მიერ ლუცენკოს შეწყალებას და მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას. რაც შეეხება ტიმოშენკოს, რომელიც იმ დროისთვის პატიმრობაში იმყოფებოდა, კომიტეტმა მოუწოდა უკრაინის სახელმწიფოს, გადაედგათ შესაბამისი ნაბიჯები და მხედველობაში მიეღოთ ყველა შესაბამისი ღონისძიება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ტიმოშენკოს დარღვეული უფლებების ადეკვატურად აღდგენას. შემდგომში უკრაინაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, იულია ტიმოშენკო 2014 წელს გათავისუფლდა.

რაც შეეხება ილგარ მამადოვის საქმეს, მინისტრთა კომიტეტმა პირდაპირ მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოსარჩელის უფლებების აღდგენის ერთადერთი რეალური მექანიზმი იყო მისი ციხიდან დაუყოვნებლივი გათავისუფლება, თუმცა აზერბაიჯანი ამ მითითებას დღემდე არ ასრულებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ევროსაბჭოს მიერ სპეციალური პროცედურა დაიწყო,”- ვკითხულობთ IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი