მოსამართლე: კომპანიებმა ყავის მომხმარებლები უნდა გააფრთხილონ კიბოს რისკის შესახებ

ლოს-ანჯელესელმა მოსამართლემ ყავის კომპანიებს დაავალა, მომხარებლები გააფრთხილონ კიბოს გამომწვევი რისკების შესახებ, რაც ყავის დალევას უკავშირდება. ისტორიული სასამართლო პროცესი, რომელიც ყავაში კიბოს გამომწვევი ნივთიერების არსებობას ეხება, კალიფრონიის შტატში (აშშ) უკვე 8 წელია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AP-ზე დაყრდნობით მსოფლიოს არაერთი მედიასაშუალება ავრცელებს.

როგორც The Guardian წერს, მოსამართლე ელიჰუ ბერლემ წინასწარი გადაწყვეტილება ოთხშაბათს, 28 მარტს, გამოიტანა. გადაწყვეტილების მიხედვით, სტარბაქსმა და ყავის სხვა 90-მდე კომპანიამ ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ყავის მოხალვისას დამატებული ქიმიური ნივთიერებიდან მომდინარე საფრთხე უმნიშვნელოა.

კალიფორნიული კანონდმებლობის მიხედვით, ნებისმიერი კომპანია ვალდებულია, თუ მისი პროდუქცია შეიცავს კანცეროგენს (კიბოს გამომწვევ ნივთიერებას), მომხარებელი მკაფიოდ გააფრთხილოს ამის შესახებ.

ყავის მწარმოებლებს, გამყიდველებსა და დისტრიბუტორებს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უჩივლა. მომხმარებლებისთვის საშიში ნივთიერება, რომელსაც ყავას მოხალვისას ამატებენ, არის აკრილამიდი.

“მაშინ, როცა მომჩივანმა წარმოადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ყავის მიღება ზრდის ზიანის მიყენების რისკს ნაყოფის, ჩვილების, ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის, დაცვის მხარის სამედიცინო ექსპერტებმა თქვეს, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ამის მიზეზი.

დაცვის მხარემ ვერ შეძლო უტყუარად დაედასტურებინა თავისი მოსაზრება, რომ ყავის მიღება ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგბელოა”, – წერს კალიფორნიელი მოსამართლე ელიჰუ ბერლე თავის გადაწყვეტილებაში.

ყავის ინდუსტრიის წარმომადგენლები სასამართლო განხილვებისას ამტკიცებდნენ, რომ ყავის მოხალვისას საშიში ნივთიერება აკრილამიდი იმდენად მცირე დოზით გამოიყენება, მას არ შეუძლია ზიანის მიყენება ადამიანისთვის. თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა ვერ შეძლეს. საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე ლოს-ანჯელესის სასამართლო იმსჯელებს იმ ჯარიმაზე, რომელიც შესაძლოა ყავის ინდუსტრიის მოთამაშეებს დაეკისროთ.

The Guardian-ის ცნობით, მოსამართლეს თავისი გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლია, თუმცა ეს იშვიათად ხდება.

როგორც ამერიკული მედიასაშუალება Chicago Trubune წერს, სტარბაქსმა და ყავის ეროვნულმა ასოციაცამ მათ სატელეფონო ზარებსა და წერილობით შეტყობინებას არ უპასუხეს. იმავე მედიასაშუალების ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უწყებამ – კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ ყავა “შესაძლო კანცეროგენთა” სიიდან ამოიღო, თუმცა უკვე წლებია, არ არსებობს შეთანხმებული, საბოლოოდ ჩამოყალიბებული აზრი ყავის მავნებლობა-უვნებლობასთან დაკავშირებით.

Chicago Trubune-ის ცნობით, მომჩივანი მხარის ადვოკატმა რაფაელ მეცგერმა თქვა, რომ მას სურს, ქიმიური ნივთიერება აკრილამიდი არ გამოიყენონ ყავის მომზადებისას. ყავის მწარმოებლები კი აცხადებენ, რომ ამ ნივთიერების გარეშე მათი პროდუქცია ვერ მომზადდება და ცუდი გემო ექნება.

ნივთიერება აკრილამიდი, რომელიც ნამდვილად არის კანცეროგენი, გარკვეული დოზით გამოიყენება სხვადასხვა საკვების 120 გრადუსი ცელსიუსით ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებისას. მაგალითად, ის გამოიყოფა კარტოფილის ფრის მომზადებისას.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.