ბორჯღალოსნებს, ჰიმნის შესრულების დროს, მაისურებზე ტატუნაშვილი ეწერათ

ქართველი მორაგბეები, რუმინეთთან მატჩის დაწყებამდე, ჰიმნის შესრულების დროს, მოედანზე მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერათ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, პირველი ტაიმის შემდეგ, ბორჯღალოსნები რუმინეთს ამარცხებენ.

ბორჯღალოსნებს, ჰიმნის შესრულების დროს, მაისურებზე ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერათ. სქრინი: ტელეიმედი

საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალში გარდაიცვალა. არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთს და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას ცხედარი ამ დრომდე ოჯახისთვის არ გადმოუცია.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.

ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭიროო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქართულ მხარეს ჯერ კიდევ არ გადასცემია.

რაც, შეეხება ახალგორში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულს ორი მოქალაქეს, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 11 მარტიდან იმყოფებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.