გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი და აშშ რუსეთს ბრიტანეთზე თავდასხმაში ადანაშაულებენ

საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მოკავშირეები ამბობენ, რომ ბრიტანეთში ყოფილ რუს ჯაშუშსა და მის შვილზე ქიმიურ თავდასხმაში რუსეთის ჩართულობის გარდა, სხვა დამაჯერებელი ახსნა არ არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მოკავშირეების თქმით, ეს  არის “ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნერვული აგენტის პირველი აგრესიული გამოყენება” და გაერთიანებული სამეფოს სუვერენიტეტზე თავდასხმა.

“ეს იყო დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტზე თავდასხმა და ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის აშკარა უგულებელყოფა, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და თითოული ჩვენგანის უსაფრთხოებას ემუქრება” – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს ოთხი ქვეყნის ლიდერი აწერს.

ქვეყნები მოითხოვენ, კრემლმა თავდასხმის შესახებ ყველა კითხვას გასცეს პასუხი და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრის ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედოს, საერთასორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის.

მამა-შვილი სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბურიში, ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს. ექსპერტიზის მიხედვით, მამა-შვილი რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლეს.

13 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი  შვილის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი იდგა. ტერეზა მეიმ რუსულ მხარეს მოსთხოვა, შუაღამემდე მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლვა. ეს ინფორმაცია რუსეთმა დიდ ბრიტანეთს აღნიშნულ ვადაში არ მიაწოდა.

რუსეთი დიდი ბრიტანეთის ბრალდებებს უარყოფს. ლავროვმა ტერეზა მეის შეშლილიც უწოდა.

14 მარტს ტერეზა მეიმ ის სანქციები დაასახელა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი რუსეთს დაუწესებს. 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებისა და მთავრობის მხრიდან მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირების გარდა, ბრიტანეთი აძლიერებს კონტროლს რუსეთიდან კერძო ფრენებსა და ტვირთებზე.

ტერეზა მეის თქმით, ასევე გაიყინება რუსეთის სახელმწიფოს ყველა აქტივი, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ემუქრებოდეს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების სიცოცხლეს ან საკუთრების უფლებას.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ასევე შეჩერდება მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობა გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთს შორის.

ბრიტანული სანქციების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბრიტანეთის სანქციების საპასუხოდ უახლოეს მომავალში რუსეთი ქვეყნიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.