UK-ის მთავრობა და სამეფო ოჯახი მუნდიალს ბოიკოტს უცხადებენ, ნაკრები (ჯერ) – არა

ბრიტანული მედიასაშულაება Sky Sport წერს, რომ რუსეთში დაგეგმილ მსოგლიო ჩემპიონატს ბრიტანეთის მთავრობა და სამეფო ოჯახი ბოიკოტს უცხადებს. ინფორმაცია ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ დაადასტურა. ტერეზა მეის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, რომელიც რუსეთში გაიმართება, ბრიტანეთის სამეფო ოჯახიდან და მინისტრთა კაბინეტიდან არავინ დაესწრება.

ამის ფონზე ინგლისისი ფეხბურთის ასოციაციაში უარყოფენ გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთთან ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობების გამო ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს გამოუცხადებს.

როგორც BBC 13 მარტს წერს, ფეხბურთის ასოციაციას ეროვნული ნაკრების გეგმებში ცვლილებები არ შეუტანია. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთში აზრთა სხვადასხვაობაა.

როგორც  ბრიტანეთის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დეივიდ დეივისმა BBC-ს უთხრა, ამ ეტაპზე სერიოზულად არ განიხილება ინგლისის ნაკრების ბოიკოტი მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა “დრო იცვლება”.

დეივისის თქმით, მთავარია ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრნოველყოფის გარანტია:

“ფაქტია, რუსეთს არაფერი სურს იმაზე მეტად, მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით ჩაატაროს, ეს, ცხადია, უსაფრთხების კომპონენტსაც მოიცავს” – ამბობს დეივისი.

დღეს, 14 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. სანქციები დიდი ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი შვილის მოწამვლის საქმეს უკავშირდება, რომლის გამოც მეიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევაც მოითხოვა.

გუშინ, 13 მარტს ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მომხდარის უკან, დიდი ალბათობით, რუსეთი იდგა და ბრიტანეთი აუცილებლად მიიღებს ზომებს რუსეთის წინააღმდეგ, რაც უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.