დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს

დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს – განცხადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად ერთი კვირა აქვთ მიცემული. ეს პირები, ტერეზა მეის თქმით, საიდუმლო ჯაშუშები არიან.

დიდი ბრიტანეთი ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი შვილის მოწამვლის საქმეზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევას ითხოვს.

რუსეთი მომხდართან კავშირს უარყოფს და დიდ ბრიტანეთთან გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

გუშინ, 13 მარტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი  შვილის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი იდგა. ტერეზა მეიმ რუსულ მხარეს მოსთხოვა, შუაღამემდე მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლვა. ეს ინფორმაცია რუსეთმა დიდ ბრიტანეთს აღნიშნულ ვადაში არ მიაწოდა.

ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს ზომებს რუსეთის წინააღმდეგ, რაც უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.

“ცივი ომის” დროს, 1971 წელს, ბრიტანეთიდან საბჭოთა დიპლომატების რეკორდული რაოდენობა გააძევეს. მაშინ, ქვეყნის დატოვება 105 დიპლომატს მოუხდა.


მამა-შვილი სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბურიში, ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს. ექსპერტიზის მიხედვით, მამა-შვილი რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლეს.

სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.