პუტინი აღიარებს, რომ “პეგასუსის” სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ 2014 წელს მან თურქული ავიაკომპანია “პეგასუსის” სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება გასცა. ბორტზე ამ დროს 110 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ მან წინასაარჩევნოდ გადაღებულ ფილმში ისაუბრა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, 2014 წლის 7 თებერვალს, სოჭის ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე, მას შეატყობინეს, რომ “პეგასუსის” თვითმფრინავი, რომელიც უკრაინიდან სტამბოლში მიფრინავდა, გაიტაცეს, გამტაცებლები კი სოჭისკენ გაფრენას ითხოვდნენ. პუტინის თქმით, უსაფრთხოების ოფიცრებთან კონსულტაციის შემდეგ მან ბრძანება გასცა, ემოქმედათ “გეგმის მიხედვით”. ამ შემთხვევაში “გეგმა” გულისხმობდა ნებისმიერი თვითმფრინავის ჩამოგდებას, რომელიც წარმოადგენდა ტერორისტულ საფრთხეს.

“როიტერსის” ცნობით, აღნიშნული ინციდენტის რეალურობა დაადასტურა პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. როგორც პუტინი ამბობს, მას ბოლო წუთებში უთხრეს, რომ შეტყობინება თვითმფრინავის გატაცების შესახებ ცრუ აღმოჩნდა. თვითმფრინავი 110 მგზავრით მშვიდობიანად დაეშვა სტამბოლში.

რუსეთში 18 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, რომელშიც პუტინს სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.