როგორ მოიპარეს და გადამალეს შსს-ს მაღალჩინოსნებმა 1.9 კგ ჰეროინი

2013 წელს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიცის მაღალჩინოსნებმა ერთ-ერთი სოფლის ტყეში გადამალეს და 4 თვის განმავლობაში ინახავდნენ თითქმის 12 კილოგრამ ნივთიერებას, რომელიც 1.9 კგ ჰეროინს შეიცავდა.

ეს ჰეროინი ნარკოდანაშაულის ერთ-ერთ საქმიდან ნივთმტკიცებად იყო ამოღებული.

პოლიციელები სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო.  დანაშაულზე სამი პოლიციელია მსჯავრდებული:

  • შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბ. ქ. (მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა);
  • ამავე დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გ. ჩ. (მიესაჯა ასევე 20 წლით თავისუფლების აღკვეთა);
  • ამავე დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი გ.ბ. (მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა).

უზენაესი სასამართლოს განჩინების მიხედვით, რომელიც “ნეტგაზეთმა” მოიპოვა , 2013 წლის ივლისში ეს პოლიციელები უკანონოდ დაეუფლნენ ერთ ერთ-საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებულ ნივთიერებას, რომელიც განსაკუთრებით დიდ ოდენობას –1905.42 გრამ ჰეროინს  შეიცავდა და 2013 წლის 30 ოქტომბრამდე ერთ-ერთ ტყეში უკანონოდ ინახავდნენ.

ამ საქმეზე მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა 2014 წლის 3 აპრილიდან დაეწყოთ, რაც სავარაუდოდ სწორედ მათი დაკავების ვადაა.

უზენაესი სასამართლოს განაჩენიდან  არ ჩანს, თუ სად წავიდა ჰეროინი 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ.

უზენაესი სასამართლოს განჩინებაში ნახსენებ ვადებს ემთხვევა 2013 წლის 3 ივლისს შსს-ს კრიმინალური პოლიციის მიერ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის საქმის გახსნა – ახალციხეში სატვირთო ავტომობილში 500-გრამიან შეკვრებად დაფასოებული 116 კილოგრამი “ჰეროინი” აღმოაჩინეს.

სატვირთო ავტომობილი ფიგურირებს ორივე საქმეში. უზენასი სასამართლოს განჩინებიდან ირკვევა, რომ ეს პირები სატვირთო ავტომობილის ჩხრეკაში იყვნენ ჩართული. ერთ-ერთი მოწმის განცხადებით, მსჯავრდებული ბ.ქ. იმყოფებოდა ხან სატვირთო მანქანის სახურავზე, ხან – ქვემოთ.

2013 წლის 3 ივლისს ნარკოტრაფიკის საქმის გახსნა. ფოტო – შსს-ს ვიდეომასალიდან

ოფიციალური განცხადება შსს-ს ამ პერიოდში არ გამოუქვეყნებია.

თუმცა მედიაში დაკავების შესახებ უკვე იწერებოდა. თავისუფალი ზონის ვებ-გვერდზე შესაბამისი სტატია აღარ არის ხელმისაწვდომი, თუმცა 2014 წლის 5 აპრილს “აფხაზეთის ხმა” მათზე დაყრდნობით წერს, რომ 2013 წლის ივლისში ნარკოტრეფიკის საქმეზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ამოღებული ნარკოტიკის ნაწილის მოპარვის ბრალდებით ბ.ქ. იყო დაკავებული. 2016 წელს “კვირის პალიტრამ” გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარი იყო, რომ 2013 წლის ოქტომბრიდან თბილისში გასაყიდად გამოჩნდა პოლიციელების მიერ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკი, ერთ-ერთმა დაკავებულმა პოლიციელმა კი დაადასტურა, რომ ეს ახალციხეში ამოღებული ჰერიონი იყო.

ეს საქმე მსჯავრდებულების ადვოკატებმა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციაში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრები განსახილველად არ დაუშვა. როგორც განჩინებაშია აღნიშნული, უზენაესი სასამართლო არ ეთანხმება ადვოკატების არცერთ პრეტენზიას.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული, რომლის აღკვეთაც პირადად მათი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნული სასჯელები არის სამართლიანი,”- ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი