“ბატონი ირაკლისგან განსხვავებით ოთხი შვილი მყავს” – შავაძე-მამისეიშვილის დაპირისპირება

2 მარტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბათუმის სასამართლოს სკანდალის შესახებ დაპირისპირებულ მხარეებს – სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილს და მოსამართლე ირაკლი შავაძეს მოუსმინეს.

მოსმენა ორივე მოსამართლესთან ერთობლივად ჩატარდა. ორივე მათგანი ერთმანეთს ტყუილის თქმაში ადანაშაულებდა.

“ბატონო დავით, მზად ვარ ჩემი ორი შვილის სიცოცხლე დავიფიცო, რომ ერთ სიტყვას არ ვიტყუები. შეგიძლიათ ამის გაკეთება?”- მიმართა მამისეიშვილს ირაკლი შავაძემ.

“განმარტება მინდა გავაკეთო, ჯერ ერთი, ბატონ ირაკლისგან განსხვავებით ოთხი შვილი მყავს, დაფიცებას არ დავიწყებ,” – უპასუხა მას მამისეიშვილმა.

ირაკლი შავაძემ ასევე უპასუხა მამისეიშვილის და საბჭოს ზოგიერთი წევრის ბრალდებას იმის შესახებ, თუ რატომ ილაპარაკა მამისეიშვილის მხრიდან ზეწოლის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბჭომ მას უვადოდ დანიშვნაზე უარი უთხრა.

“თუ მისი კოზირი ის არის, რომ მე საჯაროდ აქამდე არ ვისაუბრე, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე იმიტომ არ ვისაუბრე, რომ ის, რომ ვისაუბრე, ცამდე მართალიც რომ ვიყო, ხომ დააზიანა სასამართლოს რეპუტაცია?” – განაცხადა მოსამართლე ირაკლი შავაძემ საბჭოს სხდომაზე.

“როდესაც დამტკიცდება, რომ მე, დავით მამისეიშვილი ვარ მართალი, პასუხისმგებლობას მოვითხოვ როგორც ბატონი შავაძის, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც ასე ხელაღებით მიპირისპირდებიან და ბატონი შავაძის განცხადებებს უაპელაციოდ იღებენ,” – განაცხადა მამისეიშვილმა.

2 მარტის სხდომაზე საბჭოს  მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა მოუწოდა ირაკლი შავაძეს, რომ გაესაჯაროვებინათ მისი სხდომის ოქმი, რაზეც შავაძემ განაცხადა, რომ წინააღმდეგია და მაშინ ყველა მოსამართლესთან გასაუბრების ოქმი უნდა გასაჯაროვდეს.

“ამ ეტაპზე მათ შორის მტყუან-მართალის გარკვევა შეუძლებელია იმიტომ, რომ დღევანდელ გასაუბრებაზე მოპოვებულ ინფორმაციასთან ერთად შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვა ინფორმაციის შესწავლა,” – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს მოსამარლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.


22 თებერვალს უსტიციის უმაღლესმა საბჭომ ირაკლი შავაძეს უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა. ირაკლი შავაძის განცხადებით, მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და სწორედ ამიტომ უთხრა საბჭომ უარი გამწესებაზე.

“ის [მამისეიშვილი] ხელს მიშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებაში… ხშირად აღნიშნავდა, რომ ლევან მურუსიძე იყო მისი შვილის ნათლია, იუსტიციის საბჭოს წევრები მისი მეგობრები არიან და მე შემექმნებოდა პრობლემები,”- განაცხადა ირაკლი შავაძემ.

ამ ბრალდებებს ტყუილს უწოდებს სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი