ახალი ამბებისამართალი

სასამართლოში კრიზისზე ხელისუფლებაც პასუხისმგებელია – NGO-ების ახალი კამპანია

1 მარტი, 2018 • 2463
სასამართლოში კრიზისზე ხელისუფლებაც პასუხისმგებელია – NGO-ების ახალი კამპანია

“მინდა ვენდო სასამართლოს” – ასე ჰქვია ახალ კამპანიას, რომელიც  38 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა კოალიცამ დღეს, 1 მარტს დაიწყო.

კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ სასამართლოში კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა და ხელისუფლებისგან რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.

[checklist]

  • პოლიტიკურმა ხელისუფლებამ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე;
  • სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან;
  • პროკურატურამ სრულფასოვნად გამოიძიოს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო დანაშაულის შემთხვევა;
  • პარლამენტმა დაუყოვნებლივ გაატაროს რეალური რეფორმები, რის საფუძველზეც სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფი ვეღარ შეძლებს კანონმდებლობა არაჯანსაღი მიზნებისთვის გამოიყენოს.

[/checklist]

ორგანიზაციები განსაკუთრებით მწვავედ აფასებენ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ბოლოდროინდელ პროცესს. 22 თებერვალს იუსტიციის საბჭომ უვადოდ დანიშნა 44 მოსამართლე, მათ შორის არიან სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე, სერგო თეთრაძის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი, “ბახალას” მოსამართლე შორენა გუნცაძე, რუსთავი 2-ის მოსამართლე ნათია გუჯაბიძე და სხვები.

“ინიშნებიან ადამიანები, რომლებიც არ არიან ღირსი, რომ იყვნენ მოსამართლეები და მათ წარსულთან დაკაშირებით ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს,”- ამბობს TI-ის დირექტორი ეკა გიგაური.

როგორც მან 1 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სასამართლო სისტემაში მუშაობენ ღირსეული მოსამართლეებიც, თუმცა ისინი კლანური მმართველობის მსხვერპლი არიან, ვინაიდან საბჭოში მყოფი რამდენიმე მოსამართლის ხელშია მათი დანიშვნა, დაწინაურება, დისციპლინური დევნის დაწყება.

“შესაბამისად, ადამიანები ვერ საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც სასამართლოშია,”- განაცხადა გიგაურმა.

ხელისუფლების პასუხისმგებლობა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება. აქედან- 8 მოსამართლე წევრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პარლამენტის მიერ არჩეული 5 წევრი და პრეზიდენტის მიერ დანიშნული 1 წევრი.

მოსამართლე რომ დაინიშნოს,  მინიმუმ 10 ხმა სჭირდება, შესაბამისად, პარლამენტის მიერ არჩეული წევრების ან პრეზიდენტის მიერ არჩეული წევრის მხარდაჭერის გარეშე მოსამართლე ვერ დაინიშნება.

“როცა პარლამენტი ერთი ხელით ამბობს, რომ ატარებს რეფორმებს, მეორე ხელით საბჭოში ნიშნავს იმ ხალხს, რომელსაც, გადამწყვეტი ხმა აქვს ყველა ამ საკადრო გადაწყვეტილებაზე, მათ შორის, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე. ძალიან ნათელია, რომ ამ ნაწილში პოლიტიკურ პასუხისმგებლობას პოლიტიკური გუნდი ასე მარტივად სხვას ვერ დააკისრებს,”- გვეუბნება EMC-ის იურისტი, სოფო ვერძეული.

“იმაზე, თუ რა ხდება სასამართლოში, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ,”- ამბობს ეკა გიგაური და დასძენს, რომ დღეს ვერ ხედავენ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას, სასამართლო სისტემაში ეფექტური და სიღრმისეული რეფორმები ჩატარდეს.

საიას თავმჯდომარე სულხან სალაძეც პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” არის ერთადერთი, ვისაც საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების გატარება შეუძლია.

“ვერანაირი საუბარი იმის შესახებ, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდბეელი და ცალკე მდგომი ხელისუფლებაა და ამიტომ ჩვენ ის მოცემულობა უნდა მივიღოთ, რომელიც დღეს გვაქვს, ვერ იქნება გაზიარებული. ვგულისხმობ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხდებას. ფრაგმენტული და ნაწილ-ნაწილ შემოთავაზებული რეფორმების მიღმა ხელისუფლებამ უფრო ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას,”- ამბობს სალაძე.

კლანური მმართველობა და მოსამართლე შავაძის საქმე

სულხან სალაძე სასამართლოში კლანური მმართველობის ბოლო მაგალითად ბათუმის საქალაქო სასამართლოს სკანდალს ასახელებს.

საქმე ეხება მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხდებას იმის შესახებ, რომ მამისეიშვილი მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდა და 22 თებერვალს იმიტომ უთხრეს უარი უვადოდ დანიშვნაზე, რომ კლანის წევრი არ არის.

“ის [მამისეიშვილი] ხელს მიშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებაში… ხშირად აღნიშნავდა, რომ ლევან მურუსიძე იყო მისი შვილის ნათლია, იუსტიციის საბჭოს წევრები მისი მეგობრები არიან და მე შემექმნებოდა პრობლემები,”- განაცხადა ირაკლი შავაძემ.

შავაძის განცხადებების შემდეგ ბათუმის საქალაქო სასმართლოს 10-მა მოსამართლემ  განცხადება გაავრცელა, სადაც ირაკლი შავაძის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუე უწოდეს და სრული შემადგენლობით მხარდაჭერა გამოუცხადეს სასამართლოს თავმჯდომარეს – დავით მამისეიშვილს.

“მოსამართლე შავაძის განცხადება აჩვენებს, რომ დიახ, კლანური მმართველობა მართლა არსებობს სასამართლოში. ძალიან ბევრი შემთხვევა და ფაქტი, რაზეც შავაძე საუბრობდა, მათ შორის, პირად საუბრებში, როდესაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეგვხვდა, კიდევ უფრო ადასტურებს და ამყარებს ამ მოსაზრებას, რომ ნამდვილად არის კონკრეტული ჯგუფი, ვისი გავლენის ქვეშაც არის მთელი სასამართლო კორპუსი მოქცეული. ამ ჯგუფისგან დისტანცირება და მოსამართლეების მათი გავლენისგან გათავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა როგორც ჩვენი კოალიციის, ასვეე ზოგადად, რეფორმისთვის,”- ამბობს სულხან სალაძე.

ეკა გიგაურის თქმით, როდესაც სასამართლოს წარმომაგენლები პრობლემებზე საუბრობენ, პოლიტიკური ხელისუფლება მათ გვერდით უნდა დაუდგეს:

“ვხედავთ, რომ მაშინაც კი, როდესაც ეს მოსამართლეები პრობლემებზე საუბრობენ, გვერდით არავინ უდგება. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა,”- ამბობს გიგაური.

სოფო ვერძეულის თქმით, მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე ათეული მოსამართლე შეიტანს განაცხადს, უვადოდ გადაინიშნოს. ასეთ პირობებში კი მხოლოდ შერჩევის კრიტერიუმების დახვეწა პროცესს ვერ გააჯანსაღებს.

“არანაირ კრიტერიუმს აზრი არ აქვს იმ პირობებში, როცა საბჭოს წევრი ფარულად იღებს  გადაწყვეტილებებს, დაუჭიროს თუ არა ვიღაცას მხარი და მან კარგად იცის, რომ არავის წინაშე ამ გადაწყვეტილების დასაბუთება  და ახსნა არ მოუწევს. ასეთი პროცედურის პირობებში მე საერთოდ ვერ ვხედავ კრიტერიუმების დახვეწის მნიშვნელობას,”- განაცხადა სოფო ვერძეულმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

კოალიციის კიდევ ერთი ახალი კამპანია – რა შეიცვალა ახლა?

არასამთავრბო ორგანიზაციების კოალიციამ 2 წლის წინ ასევე წამოიწყო კამპანია “სამართალი ითხოვს”, სადაც სასამართლოში რეალური ცვლილებების გატარება მოითხოვა. ამ მოთხოვნების უმეტესობა კვლავ დგას ახალი კამპანიის დღის წესრიგშიც. ნეტგაზეთმა სოფო ვერძეულს ჰკითხა, რით იქნება უფრო განსხვავებული და რატომ ფიქრობენ, რომ დღეს დაწყებული ახალი კამპანია უფრო ეფექტური ინმება.

“ვფიქრობ, დღეს უფრო ნათლად ჩანს ის კრიზისი, რომელიც სასამართლოში არსებობს,” – გვპასუხობს სოფო ვერძეული.

“თუკი ორი წლის წინ ვიღაცას შეიძლება დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ კამპანია, ჩვენი საქმიანობა ან ის პრობლემები, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობდით, მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს, მაგალითად, ლევან მურუსიძეს ეხებოდა, დღეს ვფიქრობ, რომ გაცილებით კარგად ჩანს ამ პრობლემის მასშტაბები. მეორე მხრივ, რატომაც ვფიქრობთ, რომ კამპანიის დაწყება დღეს აუფრო მეტად მნშვნელოვანია, არის ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. ამას ადასტურებს ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც,”- ამბობს ვერძეული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი