ახალი ამბები

კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის რისკები ზესტაფონის მერიის ტენდერებში – TI-ის კვლევა

2 მარტი, 2018 • 1716
კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის რისკები ზესტაფონის მერიის ტენდერებში – TI-ის კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) ზესტაფონის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ამავე მერიის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობაში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რიკებს ხედავს.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2011-2018 წლებში კომპანია “ზესტაფონპროექტმა”, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მაღალჩინოსნებთან, დავით მესხიშვილისა და თეიმურაზ წიწილაშვილთანა არის დაკავშირებული, მერიის მიერ გამოცხადებულ 28 ტენდერში გაიმარჯვა და 313 603 ლარის შემოსავალი მიიღო.

“ზესტაფონის მერიის მაღალჩინოსნებთან, დავით მესხიშვილთან და თეიმურაზ წიწილაშვილთან დაკავშირებული კომპანია “ზესტაფონპროექტი” ზესტაფონის მერიის ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორია.

დავით მესხიშვილის მამა ნოდარ მესხიშვილი აღნიშნული კომპანიის დირექტორი და 30%-იანი წილის მესაკუთრეა, თეიმურაზ წიწილაშვილი – ამავე კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელი. ტენდერებში “ზესტაფონპროექტის” გამარჯვება კითხვის ნიშნებს იწვევს ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკებთან დაკავშირებით და სათანადო რეაგირებას საჭიროებს” – წერია TI-ს მიერ გავრცელებულ კვლევაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ამ კომპანიას მონაწილეობა მიღებული აქვა 41 ტენდერში, 28 მათგანში კი გაიმარჯვა. მათგან 27 ტენდერი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ იყო გამოცხადებული, ერთი კი  – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ.

“19  შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია. მეტიც, იმ 9 შემთხვევიდან, სადაც კომპანიას კონკურენტები ჰყავდა, 2 შემთხვევაში სხვა კომპანიებს დისკვალიფიკაცია მისცეს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მონაცემების შესწავლით TI-იმ დაადგინა, რომ 2011-2018 წლებში “ზესტაფონპროექტმა” მთლიანობაში 313 603 ლარის შემოსავალი მიიღო. მათ შორის, 166 620 ლარი ელექტრონული ტენდერებიდან, გამარტივებული შესყიდვებით კი- 146 983 ლარი.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებებს „ზესტაფონპროექტს” ძირითადად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მოქმედი ისეთი ორგანიზაციები აფორმებენ, როგორებიცაა სკოლამდელი აღზრდის გაერთიანება, სპორტული სკოლა, მუზეუმების გაერთიანება, ცენტრალური ბიბლიოთეკა, თავად ზესტაფონის მუნიციპალიტეტი და ა.შ.

შპს „ზესტაფონპროექტის” კიდევ ერთი მეწილე, 40%-იანი წილის მესაკუთრე, თეიმურაზ წიწილაშვილი, ამჟამად ზესტაფონის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებს, მისი შვილი კახაბერ წიწილაშვილი კი, 2016 წლის ნოემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით,  შპს „ზესტაფონპროექტში” არქიტექტორად მუშაობდა:

“ზესტაფონის მერიისგან მიღებული წერილით ირკვევა, რომ „ზესტაფონპროექტთან” დაკავშირებული ორივე პირი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წლებია მუშაობს. კერძოდ, დავით მესხიშვილი- 2013 წლის იანვრიდან, თეიმურაზ წიწილაშვილი კი- 2007 წლიდან. ამასთან, კომპანიის დაარსების დღიდან წიწილაშვილი „ზესტაფონპროექტის” მეწილეა, დავით მესხიშვილის მამა ნოდარ მესხიშვილი კი- ამავე კომპანიის დირექტორი,” – ვკითხულობთ კვლევაში.

TI-ს განცხადებით, ერთ-ერთი ბოლო ტენდერი შპს „ზესტაფონპროექტმა” მიმდინარე წლის 14 თებერვალს მოიგო. ამჯერადაც, შემსყიდველი ორგანიზაცია ზესტაფონის მუნიციპალიტეტი იყო. ტენდერი საინჟინრო მომსახურების მიწოდებას ეხებოდა.

ორგანიზაციის მოსაზრებით, აღნიშნულ ტენდერში იკვეთება კონკურენციის შეზღუდვისა და კორუფციის რისკები:

“შპს „ზესტაფონპროექტსა” და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, აღნიშნული შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება კი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მიხედვით, ევალებოდა ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურს, რომლის ხელმძღვანელის მოვალეობას 2017 წლის 17 ნოემბრიდან ასრულებს დავით მესხიშვილი, შპს „ზესტაფონპროექტის” დირექტორისა და 30%-იანი წილის მფლობელი,ს ნოდარ მესხიშვილის შვილი. შესაბამისად, აღნიშნული სატენდერო დოკუმენტაცია, სავარაუდოდ, მომზადდა დავით მესხიშვილის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურში” – წერია კველვაში.

როგორც TI-ში აცხადებენ, კახაბერ წიწილაშვილი სატენდერო კომისიის წევრი იყო და ინტერესთა კონფლიქტის არსებობის გამო, შესყიდვის განხორციელების პროცედურებში მონაწილეობა არ მიიღო.  

თუმცა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მიხედვით, ირკვევა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია უნდა მომზადებულიყო ინფრასტრუქტურის განყოფილებაში, რამდენადაც შესყიდვის ობიექტს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა წარმოადგენდა.

“აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ზესტაფონის მერიასა და შპს “ზესტაფონპროექტს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულებაზე შესრულების ინსპექტირებას განახორციელებს ზესტაფონის მერიის არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურები. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლი ევალება იმ სამსახურს, რომლის ხელმძღვანელიც დავით მესხიშვილია” – ამბობენ ორგანიზაციაში.

ეს ნიშნავს, რომ დავით მესხიშვილს იმ კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე უნდა განეხორციელებინა კონტროლი, რომლის დირექტორი და მეწილეც მამამისია.

“გარდა ამისა, აღნიშნულ ტენდერში ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა პრეტენდენტს ერთ-ერთ აუცილებელ მოთხოვნად განუსაზღვრა სამწლიანი გამოცდილება 2015, 2016 და 2017 წლებში. აღსანიშნავია, რომ შპს „ზესტაფონპროექტმა” საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის პირველი ტენდერი ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან სწორედ 2015 წელს მოიგო, მას ასევე მსგავს შესყიდვაზე ტენდერები მოგებული აქვს 2016 და 2017 წლებშიც. შესაბამისად, გამოცდილების შესახებ ჩანაწერმა, შესაძლოა, გამოიწვიოს კონკურენციის დაუსაბუთებელი შეზღუდვა და ხელი შეუშალოს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას” – ამბობენ ორგანიზაციაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ანტიკორუფციულ სააგენტოს, დაიწყოს  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული იმ ტენდერების მონიტორინგი, რომელთა შედეგად ხელშეკრულებები “ზესტაფონპროექტთან” გაფორმდა.

ორგანიზაცია ასევე სთხოვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი, სადაც აღნიშნული კომპანია მონაწილეობდა. ზესტაფონის მერიის სატენდერო კომისიას კი მოუწოდებს, უზრუნველყოს სატენდერო პირობების იმგვარად ჩამოყალიბება, რომ მეტ დაინტერესებულ კომპანიას მიეცეს ტენდერებში მონაწილეობის საშუალება და თავიდან აიცილოს პირობების კონკრეტულ კომპანიებზე მორიგებისა და, შესაბამისად, კორუფციის საფრთხე.

მასალების გადაბეჭდვის წესი