ტელევიზიებს სარეკლამო შემოსავალი შეუმცირდათ, GNCC კი ამტკიცებს, რომ ბაზარი გაიზარდა

დღეს, 22 თებერვალს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონზე ვეტოს დაძლევიდან მეორე დღეს, კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (GNCC) გამოაქვეყნა სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები დაახლოებით 12 მილიონით არის შემცირებული.

ტელეკომპანიების ნაწილი პარლამენტს მოუწოდებდა, არ დაეძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, რადგან ეს კანონი საზმაუს უფლებას აძლევს, დამატებით მიიზოდს რეკლამა. მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო, რომ შემოსავლები ისედაც იკლებს და ამ დაკლებული შემოსავლებიდან საზმაუს მიერ რეკლამის მიღება კომერციულ ტელევიზიებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. ხელისუფლება პირიქით, ვეტოს დაძლევამდე ამტკიცებდა, რომ სარეკლამო შემოსავლები იზრდება. ტელეომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი GNCC-სგან ბაზრის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებას ვეტოს დაძლევამდე ითხოვდა, რათა დოკუმენტურად დაედასტურებინა სარეკლამო შემოსავლების კლების ტენდენცია, თუმცა მარეგულირებელმა კომისიამ აღნიშნული დოკუმენტი ვეტოს დაძლევამდე არ გამოაქვეყნა.

დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2017 წელს ტელევიზიებმა შემოსავლის სახით 73 982 546 ლარი მიიღეს, რაც 14 პროცენტით ნაკლებია 2016 წლის შემოსავლებზე. 2016 წელს ტელევიზიებმა 86 128 264 მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიების შემოსავლებმა 2017 წელს იკლო, GNCC ამტკიცებს, რომ სარეკლამო ბაზარი მზარდია და ამას იმ მოკვლევით ხსნის, რომელიც თავადვე ჩაატარეს.

GNCC-ის ცნობით, შემოსავლების მიხედვით უნდა გამოიყოს ორი ყველაზე დიდი მედიაჰოლდინგი- შპს “ტელეიმედი” (“ტელეკომპანია იმედი”, “GDS”, და “მაესტრო”) და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” (“რუსთავი 2”, “კომედი”, “მარაო”), რომლებსაც, ჯამში, საქართველოს სარეკლამო ბაზრის 81% უკავიათ. ორივე კომპანიამ 2017 წელს თავიანთი სარეკლამო დროის გაყიდვა შპს “ინტერ მედიას” მიანდო, მანამდე კი ისინი რეკლამას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ყიდდნენ. როგორც მარეგულირებელი ამტკიცებს, აღნიშნულმა ცვლილებამ გამოიწვია გარკვეული გაურკვევლობა და სარეკლამო შემოსავლების სხვაგვარად განაწილება.

როგორც GNCC აცხადებს, ისინი დაუკავშირდნენ ტელევიზიებში რეკლამის განმთავსებელ კომპანიებს და მათგან მოითხოვეს რეკლამაში დახარჯილი ფულის შესახებ არსებული მონაცემები.

წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სარეკლამო სააგენტოები რეკლამის დამკვეთისგან რეკლამის განთავსებისათვის გადახდილი თანხის 27% იტოვებდნენ, ხოლო ზოგ შემთხვევაში ეს თანხა 33%-ს აღწევდა. ამ და სხვა კომპანიებიდან რეკლამაში გადახდილი თანხების შესწავლამ ცხადი გახადა, რომ მთლიანი სარეკლამო შემოსავლები ტელეკომპანიებამდე არ მისულა, შესაბამისად, ეს თანხა მათ შემოსავლებში არ აისახა”, – აცხადებს GNCC.

მარეგულირებრის მტკიცებითვე, 2017 წლამდე სარეკლმაო სააგენტოები გაყიდული რეკლამიდან მხოლოდ 5-7 პროცენტს იღებდნენ, 2017 წელს ტელევიზიების მიერ მოფიქრებული გაყიდვის სისტემით კი საკომისიო გაიზარდა და სარეკლამო სააგენტოს 20%-ზე მეტი დარჩა.

“შესაბამისად, შემცირებულია არა სარეკლამო ბაზარი, არამედ ტელევიზიებში შესული თანხები”, – ასკვნის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. ისინი სარეკლამო ბაზრის შესახებ მონაცემების გასაჯაროების შეყოვნებას სწორედ დაფიქსირებულ გაურკვევლობასა და ამის შესახებ მოკვლევის ჩატარებას უკავშირებდნენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.