ბიბლიოთეკარებს სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად ტესტირების გავლა მოუწევთ

თბილისის ბიბლიოთეკარებს სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება  მოუწევთ, ამის შესახებ დღეს, 22 თებერვალს, თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, სოფო ხუნწარიამ, ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც სოფო ხუნწარია აცხადებს, მსგავსი რეფორმა გამოიწვია თბილისის მერიის გეგმამ, რომლის მიხედვითაც, თბილისის ბიბლიოთეკები მერიის ა(ი)იპ-ად უნდა გადაკეთდეს.

“დღეს გვაქვს სამართლებრივად გაუმართავი ფორმა, ვინაიდან კულტურის სამინისტროს სსიპ-ია ბიბლიოთეკები, თუმცა მათი დაფინანსება ხდება ქალაქ თბილისის მერიიდან”, – განმარტა სოფო ხუნწარიამ.

მერიის ინფორმაციით, ახალ ა(ი)იპი-ში სამსახური შეუნარჩუნდება ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც საკვალიფიკაციო ტესტირების მინიმალურ ზღვარს, ე.წ. ბარიერს გადალახავს.

რაც შეეხება უშუალოდ ტესტირებას, როგორც მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ტესტირებამდე ბიბლიოთეკების თანამშრომლებს თვენახევრიანი გადამზადება ჩაუტარდებათ, თუმცა ტრენინგამდეც ბიბლიოთეკარებს დამატებით ორი კვირა ექნებათ მოსამზადებლად

“ჯამში, მათ ორი თვე აქვთ მოსამზადებლად იმისთვის, რაც ისედაც უნდა იცოდნენ”- განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შეხვედრამდე რამდენიმე ბიბლიოთეკარს ჰქონდა შიში, რომ ბიბლიოთეკები გაუქმდება, თუმცა მერია ამბობს, რომ იგეგმება მოდერნიზაცია და არა გაუქმება. სოფო ხუნწარია დასძენს :

“ჩვენ ტენდერს ვაცხადებთ კვლევაზე, თუ რა მოთხოვნები აქვს ჩვენს მოსახლეობას და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამდენი ბიბლიოთეკა დარჩება. რამდენიმე ბიბლიოთეკა ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, რომ შესაძლოა კვლევისა და ექსპერტიზის საფუძველზე ეს ბიბლიოთეკები აღარ არსებობდეს, თუმცა ეს არ ეხებათ თანამშრომლებს. ყველა თანამშრომელი, რომელიც გადალახავს ბარიერს, იქნება შენარჩუნებული” – აღნიშნავს სოფო ხუნწარია.

როგორც ხუნწარია განმარტავს, თბილისის 36 ბიბლიოთეკიდან სავალალო მდგომარეობაში ოცდაათია, რაც უპირველეს ყოვლისა პრობლემურია წიგნებისთვის, რომლებიც იქ ინახება.

გარდა აღნიშნული ცვლიბებებისა, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თბილისის მერია ბიბლიოთეკების ა(ი)იპ-ში “საპატიო წიგნის მცველის” ახალი სტატუსსაც დაინერგავს:

“რაც შეეხება ხანში შესულ ადამიანებს, ჩვენ გვყავას ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ბიბლიოთეკაში მმუშაობენ, ისინი გადაფარებული არიან წიგნებს და დიდი მადლობა, რომ წიგნები დღემდე მოიტანეს და შეინახეს. ჩვენ გვექნება  პოზიცია “საპატიო წიგნის მცველი” და ამ პოზიციაზე იქნებიან შენარჩუნებული ეს ადამიანები”- განაცხადა სოფო ხუნწარიამ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან