ახალი ამბებისაზოგადოება

მდინარე ალგეთში რესტორანმა არაკანონიერად ბადე ჩადგა

14 თებერვალი, 2018 • 3844
მდინარე ალგეთში რესტორანმა არაკანონიერად ბადე ჩადგა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ალგეთთან მდებარე რესტორან “ადმირალის” მფლობელმა მდინარის კალაპოტში რკინის ბადეები ჩადგა, რაც კალმახით მდიდარ მდინარეში თევზის გადაადგილებას ხელს უშლის.

12 თებერვალს თეთრიწყაროს სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე იმსჯელა და რესტორნის მფლობელებს ჯარიმა 200 ლარის ოდენობით დააკისრა.

მოსამართლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეამოწმებს, მოახდინა თუ არა დემონტაჟი მეპატრონემ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთოების სამსახურის ცნობით, 2017 წლის 20 ნოემბერს შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი წყლის ობიექტის თვითნებური დაკავებისა და გარეულ ცხოველთა სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევის ბრალდებით.

დეპარტამენტის ცნობით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში. სასამართლო პროცესზე რესტორნის წარმომადგენელმა არ აღიარა დარღვევა და განაცხადა, რომ რკინის ცხაურებით ალგეთის გადაკეტვა-ჩახერგვა მოახდინა დროებით, წყლის პირველად მოსარგებლე საქართველოს მელიორაციასთან შეთანხმებით.

დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოს მელიორაციამ 2018 წლის 18 იანვრის წერილით უარყო რაიმე სახით შეთანხმება რესტორანთან. 

რესტორანი და საკალმახე მეურნეობა შპს “ათ”–ის საკუთრებაა. შპს–ს მფლობელი კი უკრაინის მოქალაქე სერგეი პანჩენკოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი